მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, "პატრიოტული საარჩევნო ბლოკის" ლიდერის, იგორ დოდონის განცხადებით, მოლდოვის ცესკოს შენობასთან იმიტომ შეიკრიბნენ, რომ არჩევნების გაყალბების სქემებს ეწინააღმდეგებიან და ცდილობენ, უწყებას მშვიდობიანად გააგებინონ მათი ხმა.
მისი განმარტებით, ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა მმართველი პარტიის მოწინააღმდეგეა.
"ცენტრალური საარჩევნო კომისია მოქალაქეების ხმებს კანონის დაცვით უნდა ითვლიდეს. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ უწყებას მშვიდობიანად გავაგონოთ ჩვენი ხმა. ვეწინააღმდეგებით გაყალბების სქემებს. ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა მმართველი პარტიის მოწინააღმდეგეა", - განაცხადა მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, "პატრიოტული საარჩევნო ბლოკის" ლიდერმა იგორ დოდონმა.
ცესკო-მ ხმების 99%-ი დათვალა, 50%-ით ლიდერობს მაია სანდუს პარტია. თუ სურათი არ შეიცვალა, ამ მონაცემებით, მმართველ ძალას 101-ადგილიან პარლამენტში 55 დეპუტატი ეყოლება. მეორე ადგილზე, 24%-ით, არის ექსპრეზიდენტის, იგორ დოდონის ბლოკი, რომელმაც 26 მანდატის მოპოვება შეძლო.