300-ზე მეტი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდა, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული კინემატოგრაფები და მსოფლიო კინოს შედევრები - "თაობა" ასე ჰქვია ყოველწლიურ ფესტივალს, რომელიც დედაქალაქში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ფესტივალის წლევანდელ პროგრამაში 12 ქვეყნის 38 მოკლემეტრაჟიანი და 6 სრულმეტრაჟიანი ფილმი იყო წარმოდგენილი.
"იპოვე შენი თავი" - ეს წლევანდელი სლოგანია. საკუთარი თავის აღმოჩენა და მოზარდების დახმარება კი, ფესტივალის მთავარი მიზანი.
სამუშაო დღის წესრიგი ასეთია, ახალგაზრდები ფილმების ჩვენებებს ესწრებიან, შემდეგ კი ნამუშევრებს პროფესიონალებთან ერთად განიხილავენ. გადაწყვეტილებაც მათზეა, ისინი ჟიურის როლსაც ირგებენ და გამარჯვებულს თავადვე ასახელებენ.
მენტორები ფესტივალ "თაობის" ძველი მონაწილეები არიან. პროფესიით კინომცოდნე ზაკ მირიანაშვილი პროექტში პირველად, ათი წლის წინ, როგორც მონაწილე ისე ჩაერთო, წელს კი პირველად - მსმენელიდან, სპიკერის რანგში გადაინაცვლა.
პროექტი ყოველწლიურად ასობით ახალგაზრდას აერთიანებს. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიერ ორგანიზებული ფესტივალი უკვე მერვე წელია ტარდება.
ავტორი: თიკო ლობჯანიძე.