არიან ისეთი აფხაზები, რომლებსაც ქართველის გაგონებაც არ უნდათ და მათთვის მტერი ვართ. თუმცა, მაინც დარჩნენ ისეთი აფხაზები, რომლებთან ურთიერთობაც ჯერ კიდევ შეიძლება და ეს კარგი რესურსია ამ ურთიერთობების აღსადგენად - ამის შესახებ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორმა, მარინა ტურავამ, გადაცემა "ისტორია დეტალებში" საუბრისას განაცხადა.
მარინა ტურავამ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის, უქართველებო სოხუმში ჩასვლა ძალიან მტკივნეული იქნებოდა:
"ჩვენ გვაქვს ახლო ურთიერთობა სოხუმელ მეზობლებთან, მაგრამ ჩვენთან ურთიერთობაში, ისინი იკავებენ თავს ამ პოლიტიკური შეფასებისგან. მაგრამ იმდენად თბილად იქცევიან და იმდენად აქვთ ურთიერთობის ნოსტალგია, ეს ბევრი რაღაცის მთქმელია. თუმცა, არიან ისეთი აფხაზები, რომლებსაც ქართველის გაგონებაც არ უნდათ და მათთვის მტერი ვართ. თუმცა, მაინც დარჩნენ ისეთი აფხაზები, რომლებთან ურთიერთობაც ჯერ კიდევ შეიძლება და ეს კარგი რესურსია ამ ურთიერთობების აღსადგენად.
ამ პერიოდის განმავლობაში, არც ერთხელ არ მქონდა შესაძლებლობა ჩავსულიყავი, რადგან ჩემი ძმა იბრძოდა, ის ასეთ ოჯახებს არ უშვებდნენ. მეორეა ასევე ის, რომ უქართველებო სოხუმში ჩასვლა ძალიან მტკივნეულია ვინც ჩავიდა ყველასთვის ასეა, რადგან ქალაქი არ არის მხოლოდ ზღვა და მცენარეები, ადამიანებია. ამიტომ, ჩემთვის ძალიან რთული იქნებოდა, ამ არჩევანის წინაშე რომ დავმდგარიყავი, ალბათ ძალიან დავფიქრდებოდი,"- განაცხადა მარინა ტურავამ.