ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა დღეს ოვალურ კაბინეტში 4 აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი. მათ შორის ერთ-ერთი არის ბრძანება „პოლიტიკური ძალადობის მხარდამჭერი ჯგუფების გამოძიების“ შესახებ. განკარგულების მიხედვით, ხელისუფლება პოლიტიკურ ძალადობაში ჩართული ჯგუფების საქმიანობას, მათ შორის დაფინანსების წყაროების გამოძიებას იწყებს. დონალდ ტრამპი სახელმწიფო სამსახურებს ავალებს გამოავლინონ ორგანიზაციები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ძალადობას, ექსტრემიზმს და ქალაქების ქუჩებში არეულობას.
კიდევ ერთი განკარგულება, რომელსაც ტრამპმა დღეს ხელი მოაწერა, ვაშინგტონის შტატში სიკვდილით დასჯის აღდგენას ეხება.
რაც დღეს ვაშინგტონში ტრამპმა განაცხადა, თბილისში მმართველი გუნდი უკვე დიდი ხანია განიხილავს. ქართული ოცნება ამერიკასა და საქართველოს შორის პარალელს ავლებს და ამბობს, რომ მათი მიზანიც სწორედ პოლიტიკური ძალადობის მხარდამჭერი ჯგუფების დამფინანსებლების გამოვლენაა. რაც შეეხება სიკვდილით დასჯას, აცხადებენ, რომ საქართველო სასჯელის ამ ფორმას 90-იანი წლებიდან აღარ იყენებს და არც გამოიყენებს, თუმცა პოლიციელზე ძალადობა მკაცრად უნდა ისჯებოდეს.
ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველმა გუნდმა კარგად იცის, რას გულისხმობს ტრამპის ახალი ბრძანება. პრემიერი ამბობს, რომ საქართველო იგივე გამოწვევის წინაშე დიდი ხანია დგას და სწორედ ამის წინააღმდეგ, პრევენციის მიზნით მიიღეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ შტატების იუსტიციის დეპარტამენტი დონალდ ტრამპის დავალებით სოროსის დაფუძნებული „ღია საზოგადოების“ ფონდის საქმიანობას შეისწავლის. სახელმწიფო სამსახურებს აინტერესებს, მონაწილეობდა თუ არა ფონდი ტერორიზმის დაფინანსებაში და თაღლითურ პროცესებში.
ავტორი: კესო ქაფიანიძე