ბიუჯეტიდან მოპარული მილიონები და სახელმწიფოსთვის დამალული გადასახადები - ამ ბრალდებით კომპანია „ბიპი ტრანსის“ დამფუძნებელს, ბიჭიკო პაიკიძეს, აღკვეთის ღონისძიება დღეს დაუსწრებლად შეეფარდა. ტენდერებიდან თაღლითური გზით 4 მილიონის მითვისების ეპიზოდზე წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს „ბიპი ტრანსის“ დირექტორს, ფინანსურ მენეჯერს და საზედამხედველო კომპანიის სამ თანამშრომელსაც. დანაშაულს არცერთი არ აღიარებს.
თავად ბიჭიკო პაიკიძე გამოძიებას უცხოეთში ემალება. მის ნაცვლად დღეს სასამართლო პროცესს ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ბრალდებულის ადვოკატი ირწმუნება, რომ პაიკიძემ საზღვარგარეთ პასპორტი დაკარგა და სწორედ ამ მიზეზით სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. უფლებადამცველი არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაში დაკარგა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირადი დოკუმენტი.
ტენდერი, საიდანაც 4 მილიონ ლარზე მეტი სავარაუდოდ თაღლითურად მიითვისეს, 2021 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოაცხადა. გამარჯვებულ კომპანიას მამისონის უღელტეხილსა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია და ნაპირდამცავი სამუშაოების ჩატარება ევალებოდა. ბიჭიკო პაიკიძემ სამუშაოები ჩაატარა, თუმცა, სავარაუდოდ, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოსგან დამატებით 4 მილიონის დაუფლება მოახერხა. გამოძიების ინფორმაციით, ფინანსური მაქინაციის გათეთრება საკუთარი დასკვნით სცადა „ეგის ინთერნეიშენალმა“, რომელსაც ჩატარებულ სამუშაოებზე ზედამხედველობა ევალებოდა. მაკონტროლებელმა მოამზადა დოკუმენტი, თითქოს ბიჭიკო პაიკიძის კომპანიამ ტენდერის პირობები კანონმდებლობისა და სამშენებლო წესების სრული დაცვით შეასრულა. სწორედ ეს დასკვნა გახდა საფუძველი, რის გამოც მშენებლებთან ერთად გისოსებს მიღმა აღმოჩნდა საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელიც.
თაღლითობასა და დოკუმენტების გაყალბების გარდა, ბიჭიკო პაიკიძეს გამოძიება გადასახადების დამალვასაც ედავება. ამჯერად საქმე ეხება შპს „გეო ლოდის“ მიერ მოგებულ ტენდერებს ხაშურში, ჩხოროწყუსა და ოზურგეთში. ამ კომპანიაში ბიჭიკო პაიკიძის ბიზნესპარტნიორი თურქეთის მოქალაქე ოსმან ბაირაქტარი იყო. ის დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა გამოთქვამს მზაობას, რომ ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი აანაზღაუროს. ამ ეპიზოდზეც ბიჭიკო პაიკიძეს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა. თურქეთის მოქალაქე ოსმან ბაირაქტარი კი სხდომათა დარბაზიდან საპატიმროში გადაიყვანეს.
ტენდერებთან დაკავშირებული სავარაუდო კორუფციის საქმეზე სასამართლო არსებით განხილვას ნოემბერში დაიწყებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.