21 აგვისტო 2026,   10:13
ვრცლად
რას გეგმავს ოპოზიცია 4 ოქტომბერს? - "ქართული ოცნება" აფრთხილებს ყველას, თუ ძალადობის 1 ფაქტიც გამოვლინდება, პასუხისმგებლობას იმ ევრობიუროკრატებსაც დააკისრებენ, ვინც რადიკალური პროცესების მხარდამჭერია

ძალადობრივი მოწოდებები - ამტკიცებენ, რომ 4 ოქტომბრის აქცია ძალადობრივი არ იქნება, თუმცა ხელისუფლების დამხობის გეგმის ინიციატორებმა უკვე არაერთხელ დაადასტურეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალოვანი უწყების თანამშრომლებს წინააღმდეგობასაც გაუწევენ - "ნაციონალურ მოძრაობაში," სადაც ახლა შესაძლო რევოლუციურ გეგმას ამუშავებენ, ამბობენ, რომ მათი მიზანი ქუჩაში ბევრი მოკავშირის გამოყვანაა.

სააკაშვილის გუნდთან იდეური თანხვედრა იმ ოპოზიციური პარტიების ნაწილსაც კი აღარ აქვს, ვინც არჩევნებს, ბოიკოტის რეჟიმი და ქუჩის პროტესტი არჩია. "ფედერალისტების" ლიდერისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გააქტიურებული, ე.წ. მშვიდობიანი დამხობის გეგმა არასერიოზულია.

ოპონენტებს, დღეს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ნებისმიერ სამართალდარღვევაზე კანონი მკაცრი იქნება, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშიც. ირაკლი კობახიძის თქმით, არეულობას, რომელიც კონკრეტული ჯგუფის ინტერესში შედის, საქართველოს ხელისუფლება არც ამჯერად დაუშვებს.

ვინ არის პასუხისმგებელი 4 ოქტომბრის მოვლენებზე? - "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ "ღამის კურიერთან" ინტერვიუში დაადასტურა, რომ ის თავადაც იღებს პასუხისმგებლობას, იმ აქციაზე, რომლის ორგანიზებაშიც აქტიურად მონაწილეობს.

ასეთივე თამამი არც ყოფილი "ნაციონალებით" დაკომპლექტებული ახალი და არც არჩევნებში მონაწილე "ლელო - ძლიერი საქართველოა." "ლელო" რუსთაველის გამზირზე მიდის თუმცა, ყოველგვარი პასუხისმგებლობების გარეშე. გვარამია-მელიას გუნდი კი, აქცენტს მხოლოდ საერთო გეგმასა და მიზანზე აკეთებს.

"ქართული ოცნება" აფრთხილებს ყველას, თუ ძალადობის 1 ფაქტიც გამოვლინდება, ხელისუფლება, ოპოზიციასთან ერთად, პასუხისმგებლობას, იმ ევრობიუროკრატებსაც დააკისრებს, ვინც რადიკალური პროცესების მხარდამჭერია.

რას გეგმავს ოპოზიცია 4 ოქტომბერს? - აქციის ყველა დეტალი ჯერ გარკვეული არ არის, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურად განიხილავს სახელმწიფო შენობების, სტრატეგიული ობიექტების, გზებისა და მაგისტრალების ბლოკირება-პიკეტირებასაც.

დღის ამბები