ჯავახიშვილის 71 ნომერში პოლიცია ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან რამდენიმე წუთში მობილიზდა. შეტყობინება ნარკოდანაშაულის ფაქტს უკავშირდებოდა.
დანაშაულის ფაქტი დადასტურდა. ერთ-ერთი ბინიდან პოლიციამ 300 გრამზე მეტი კოკაინი ამოიღო, ხელბორკილები კი 55 წლის მამაკაცს დაადეს. ის უკრაინის მოქალაქეა და აღნიშნულ მისამართზე ქირით ცხოვრობდა. მეზობლებმა დაინახეს, როგორ გაიტანეს სამართალდამცველებმა დალუქული ნივთმტკიცებები.
ნარკოდანაშაულს დამადასტურებელი ნივთმტკიცებები ამოიღეს ასმათის ქუჩაზეც. 68 წლის მამაკაცი ბინაში 479 აბ მეტადონს ინახავდა. "კურიერის" ინფორმაციით, ნარკოტიკი 6 ქილაში იყო გადანაწილებული.
283 შეკვრა "მარიხუანას" და "მცენარე კანაფს" ბინაში ინახავდა რუბენ ატარბეგოვი. დანაშაულის კვალზე პოლიცია წინა დღეებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გავიდა. "კურიერის" ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი ნარკოდანაშაულისთვის უკვე ნასამართლევია.
წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები, ელექტროსასწორები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული - ეს ის ნივთმტკიცებებია, რომლებიც პოლიციამ სამ მისამართზე ჩატარებული ჩხრეკების დროს ამოიღო.
3 პირის დასაკავებლად საპოლიციო ღონისძიებები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. დიდი ოდენობით ამოღებული ნარკოტიკის საქმეზე დაკავებულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება.
უკვე ცნობილია, რომ 3 დაკავებულიდან ბრალს მხოლოდ ერთი ეთანხმება და ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა. დანარჩენი ორის პოზიცია ჯერ უცნობია. "კურიერი" მათ ინტერესების დამცველებს ესაუბრა, თუმცა იურისტებს, ოჯახის მოთხოვნით, საქმის მასალებზე საუბარი არ სურთ.
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს ბრალი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მუხლით აქვთ წარდგენილი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. გეგმავდნენ თუ არა დაკავებულები ნარკოტიკების გაყიდვას - ამას გამოძიება დაადგენს.
ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა.