ბრიტანეთის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დილიდანვე მივიდა. გარეთ უორდი გერმანიის ელჩის შემდეგ უკვე მეორე დიპლომატია, რომელიც მაკა ბოჭორიშვილის უწყებაში დაიბარეს.
ელჩმა შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვა.
უსამართლო თავდასხმებია ის მთავარი მიზეზი, რის გამოც მმართველი გუნდი კონკრეტული ქვეყნების ელჩებს დიდი ხანია აკრიტიკებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დიპლომატიური ღონისძიებების გამოყენებამდე, ხელისუფლებამ სხვა ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტი ამოწურა, პირადი შეხვედრებით თუ საჯარო მოწოდებებით. პრეტენზია კი, მათი მისამართით ბევრი აქვთ, მათ შორისაა რადიკალიზმის წახალისება, ექსტრემიზმის დაფინანსება, უსაფუძვლო ბრალდებები და გადაწყვეტილებები. სახელისუფლებო გუნდი დიპლომატებს საშინაო პოლიტიკაში ჩარევასა და ორმაგ სტანდარტზეც მიუთითებს.
ასე არ ფიქრობს ოპოზიცია, რომელიც ბოლო დროს მათ შორის ბრიტანეთის ელჩსაც შეხვდა, რომელსაც 4 ოქტომბრის გეგმებზე ესაუბრა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, დიპლომატების მხრიდან შიდა საქმეებში ჩარევას და ვენის კონვენციის დარღვევას, მყარი არგუმენტები სჭირდება.
ოპოზიციის ელჩებთან შეხვედრებზე ყურადღებას ამახვილებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, რომელიც კონკრეტული ევროპული ქვეყნების დიპლომატების მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში გახშირებულ ჩარევებზე მიუთითებს. ის ვრცელ წერილში წერს, რომ "საელჩოები საქართველოში Deep state-ის მცირე ფილიალებად არის ქცეული," თუმცა მიიჩნევს, რომ უსამართლო დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების სტრატეგია, რომ არ მოხდეს ელჩებთან პირდაპირი კონფრონტაცია და რადიკალური ზომების მიღება - გონივრულია. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ყველაფრის მიუხედავად ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება.
ელჩებთან დაკავშირებით დღეს მედიასთან პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, დიპლომატები პოლიტიკურის ნაცვლად, დიპლომატიურ საქმიანობას უნდა დაუბრუნდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრას ბრიტანეთის საელჩო არ გამოხმაურებია.