სამეთვალყურეო კამერამ სომეხი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიცოცხლის ბოლო წუთები გადაიღო. კადრებში ჩანს, რომ ვოლოდია გრიგორიანი, მეგობრებთან ერთად, სახლიდან გამოდის. 30 წამში მათ ნიღბიანი მამაკაცი უახლოვდება და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესვრის.
დანაშაულის სისრულეში მოყვანისთვის თავდამსხმელი ოპოზიციური პარტიის "ქვეყანა სიცოცხლისთვის" ლიდერს საკონტროლო ტყვიასაც ესვრის. ჩანაწერების მიხედვით, ნიღბიანი მამაკაცი ტერიტორიიდან გარბის.
მომხდარიდან მალევე, სომხურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოლოდია გრიგორიანი და მისი მეგობარი, რომელიც კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი იყო, ადგილზე დაიღუპნენ, ერთი პირი კი, მძიმე მდგომარეობაში, ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
პოლიტიკოსისა და სამართალდამცველის მკვლელობის საქმეზე განცხადება სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულის ადგილზე 18 ტყვიაა ნაპოვნი, თავდამსხმელს კი პოლიცია ამ დრომდე ეძებს. მკვლელობის ოფიციალური მოტივიც, ჯერჯერობით, უცნობია.
პარტია "ქვეყანა სიცოცხლისთვის" ლიდერის მკვლელობის გარემოებების შესახებ საუბრობენ სომხეთის ოპოზიციის წარმომადგენლები და მომხდარში ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს ადანაშაულებენ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, მკვლელობა დაგმო და სამართალდამცველ ორგანოებს მისი სასწრაფო გამოძიებისკენ მოუწოდა.
გრიგორიანი პარაკარის თემის ხელმძღვანელად მიმდინარე წლის მარტში აირჩიეს. გრიგორიანმა არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიის კანდიდატი დაამარცხა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე