სახელმწიფო შენობები, სტრატეგიული ობიექტები, გზები და მაგისტრალები - ეს არის სამიზნე და სამოქმედო არეალი იმ ორგანიზებული ჯგუფებისთვის, რომლის მისიაც 4 ოქტომბერს პიკეტირება და ბლოკირება იქნება. სააკაშვილის თანამებრძოლისა და ყოფილი ხელისუფლების მინისტრთა კაბინეტის წევრის, გოგა ხაჩიძის არითმეტიკით, ასეთი 10 ან 20-კაციანი ჯგუფი ნებისმიერ ინფრასტრუქტურასა თუ დაწესებულებაზე სრულ კონტროლს დაამყარებს.
გეგმა მალევე დადასტურდა. ახლა ხელისუფლების დამხობის ინიციატორების მთავარი ამოცანა, არჩევნებამდე დარჩენილ ბოლო 10 დღეში, რევოლუციონერების შემოკრებაა - ადამიანების, ვინც მზად იქნებიან იმ წინააღმდეგობისა და ნებისმიერი ქმედებისთვის, რაც რევოლუციური პროცესისთვის დასჭირდებათ.
ვირტუალური ომის შესაძლო განმეორებამდე, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს კიდევ ერთი და უფრო მკაცრი გაფრთხილება მიიღო. თუ 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც დაფიქსირდება, ხელისუფლება, ოპოზიციასთან ერთად, სრულ პასუხისმგებლობას ბრიუსელის იმ ბიუროკრატებსაც დააკისრებს, ვინც არეულობის გეგმის მხარდამჭერია.
ამ გეგმაში არის კიდევ ერთი დეტალი, რომელიც აქტიურმა აქტივისტმა ახობაძემ გაახმოვანა. მუშავდება სქემა, რომელიც 20 კაცისგან დაკომპლექტებული, 20 ჯგუფის შექმნას გულისხმობს. სავარაუდო რევოლუციურ გეგმაში რუსთაველის გამზირი ფრონტის ხაზად მოიაზრება, სადაც კარგად ორგანიზებული ადამიანები მაქსიმალურად დიდ ფართობზე უნდა გაიშალონ და ასე გაუწიონ წინააღმდეგობა სპეცრაზმს.
ნებისმიერი გეგმა და ინიციატივა, რომელიც ხელისუფლების შესაძლო დამხობას უკავშირდება, სრულად მისაღებია "სტრატეგია აღმაშენებლისთვის". ასეთი მკაფიო პოზიცია არ აქვს "ძლიერ საქართველოს". "ლელო", საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ, ქუჩაში გასვლას აპირებს, თუმცა ამტკიცებს, რომ ოპოზიციისა და აქტივისტების გეგმის შესახებ არაფერი იცის.
სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ, სურვილის მიუხედავად, ოპოზიცია საკუთარი გეგმის განხორციელებას ვერ შეძლებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ხელისუფლება ქვეყანაში არეულობას არ დაუშვებს, ოპონენტებს კი მოუწოდებენ, საკუთარ გეგმებზე საუბრის დროს სიფრთხილე გამოიჩინონ.
როგორ განვითარდება მოვლენები 4 ოქტომბერს? ოპოზიციის ნაწილი ქუჩის პროტესტის, სამოქმედო გეგმაზე ამ დრომდე მსჯელობს, თუმცა სავარაუდო რევოლუციურ მიზნებს არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური ფლანგის მხარდაჭერა ისევ არ აქვს.