პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების დოკუმენტს საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიუ-იორკის მიმართულებით ფრენისას, ბორტზე მოაწერა ხელი. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში კი საერთაშორისო საზოგადოებას მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად ამცნო.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ ემანუელ მაკრონმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ ბინა დატოვა და საფრანგეთის საელჩოში გაემგზავრა, თუმცა პრეზიდენტის კორტეჟს გზა პოლიციამ გადაუკეტა. ოფიცერთან დიალოგის შემდეგ მაკრონმა გაარკვია, რომ მიზეზი ქალაქის ქუჩებში ამერიკელი კოლეგის გადაადგილება გახდა. მაკრონმა ტრამპს ადგილიდან დაურეკა და ინციდენტის შესახებ უამბო.
მაკრონის გადაწყვეტილება მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარება ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასს" აჯილდოებს.
საფრანგეთთან ერთად პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გაერო-ს ტრიბუნიდან მალტამ, ბელგიამ, ლუქსემბურგმა, სან-მარინომ და ანდორამ გამოაცხადეს. სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო ორგანიზაციაში ისრაელის ელჩი და ქვეყნები მიღებული გადაწყვეტილების გამო ღიად გააკრიტიკა.
ქვეყნების გადაწყვეტილებას მიესალმება პალესტინური ადმინისტრაცია, რომლის პრეზიდენტმაც გაეროდან ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასს" იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. მაჰმუდ აბასმა საერთაშორისო საზოგადოებას პირობა მისცა, რომ ომის დასრულების შემდეგ ღაზასა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.
პალესტინის აღიარებას არ ეთანხმება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილი. მათ შორის არის იტალია, სადაც მთავრობის პოზიციის შეცვლის მოთხოვნით მასობრივი აქციები იმართება. უმსხვილეს ქალაქებში დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულებისა და დაკავებულების შესახებ.
საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, პალესტინურ ანკლავში ცეცხლი არ წყდება. "ცახალი" ტერიტორიაზე საჰაერო და სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში დარტყმებს 22 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე