17 აგვისტო 2026,   16:39
ვრცლად
მუნიციპალური სერვისების პარალიზება დაპირებების შესრულების ნაცვლად - "ლელოს" გეგმას ოპოზიციაც და მმართველი გუნდიც მწვავედ აკრიტიკებს

დაპირებების შესრულების ნაცვლად, გახარია-ხაზარაძის საერთო მერობისა და ვიცემერობის კანდიდატები გამარჯვების შემთხვევაში, მუნიციპალური სერვისების პარალიზებას აანონსებენ. პოლიტიკოსების თქმით, თუ ირაკლი კუპრაძე დედაქალაქის მერი გახდება, თბილისის ცენტრის გადაკეტვის ყოველდღიურ სანქციას გასცემს. გაჩერდება მეტროსადგურები და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურები, რაც ლიდერების აზრით, ცენტრალური ხელისუფლების ცვლილების წინაპირობა იქნება. საკუთარ იდეებზე დღეს საუბარი თავად კუპრაძემ და ელისაშვილმა აღარ ისურვეს, თანაგუნდელებს კი იმის მტკიცება მოუწიათ, რომ საუბარი სიმბოლურ ერთდღიან გაფიცვას ეხებოდა.

ელისაშვილ-კუპრაძის განცხადებებში მორიგ აღიარებას ხედავს სახელისუფლებო გუნდი. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ დაპირებამ გაფიცვაზე "ლელოსა" და გახარიას პარტიის რეალური მიზნები გამოააშკარავა - დესტრუქცია, დაპირებული მუნიციპალური სერვისების განვითარების ნაცვლად.

ხაზარაძე-გახარიას რჩეულები დღეს მწვავედ გააკრიტიკეს ოპოზიციონერმა კოლეგებმაც. "ნაცმოძრაობა" "ლელოს" საარჩევნო კამპანიას აბსურდულს უწოდებს. "გირჩში" კი ფიქრობენ, რომ კოლაფსის პროვოცირების შესახებ განცხადებამ საზოგადოება უნდა დაარწმუნოს, რომ კუპრაძეს ხმა არ უნდა მისცენ.

ოპოზიციის პოლიტიკურ გაბანკროტებაზე საუბრობენ "ქართულ ოცნებაში". სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, რომ საზოგადოებისთვის ცრუ დაპირებების მიცემამ და საკუთარი ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანამ ოპოზიციის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაიყვანა.

თვითმმართველობის არჩევნებამდე 11 დღე რჩება. 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები მერებსა და საკრებულოს წევრებს 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ. ოპოზიციას 30 ქალაქში კანდიდატი არ ჰყავს, ხოლო თბილისში წარმატების შემთხვევაში საყოველთაო გაფიცვების ორგანიზებას აანონსებს.

დღის ამბები