კანადის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის და პორტუგალიის მთავრობებმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების განცხადებები, რამდენიმე წუთიანი ინტერვალით გაავრცელეს. მათი პოზიცია შესაძლოა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ გაიზიაროს, მათ შორის, საფრანგეთმა და ბელგიამ.
გადაწყვეტილების მიზეზად ოფიციალური ლონდონი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულების აუცილებლობას ასახელებს.
"დაუნინგ სთრითის" პოზიციას იზიარებს ელისეის სასახლეც. საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მომტანი იქნება.
ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებას რესპუბლიკაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა, იდეის მხარდასაჭერად ქვეყნის მუნიციპალიტეტების ნაწილმა, საფრანგეთის და ევროკავშირის დროშებთან ერთად პალესტინის დროშა გადმოფინა, მოწინააღმდეგეებმა კი ღია წერილი გაავრცელეს.
პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ განცხადებებს "ჰამასი" გამოეხმაურა და გადაწყვეტილებას პალესტინელი ხალხის უფლებების შესანარჩუნებლად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.
პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მიუღებელია ისრაელისთვის. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იმეორებს, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და ღაზის სექტორში ახალი სახელმწიფო არ შეიქმნება. ნეთანიაჰუს განმარტებით, დასავლელი ლიდერების მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება "ტერორიზმს აჯილდოებს".
ნეთანიაჰუს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატებიც. ვაშინგტონში მოკავშირეების მიერ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას კრიტიკით გამოეხმაურნენ რესპუბლიკელი კანონმდებლები.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ტრამპი აღნიშნავს, რომ თეთრი სახლი მხარეებთან კონფლიქტის დასასრულებლად ძალისხმევას ახორციელებს.
საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევის მოუხედავად, პალესტინურ ანკლავში ცეცხლი არ წყდება. "ცაჰალი" ტერიტორიაზე საჰაერო და სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, დარტყმებს 30 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე