17 აგვისტო 2026,   19:46
ვრცლად
თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრების საყვარელი ტრადიცია გრძელდება - როგორი იყო პირველი "თბილისობა" და ვის ეკუთვნის დღესასწაულის დაწესების იდეა?

1976 წლის 5 ნოემბრის გაზეთ "თბილისის" გამოცემაში იკითხება გვანჯი მანიას ინიციატივა - დაწესდეს ახალი დღესასწაული. საუბარია თბილისქალაქობაზე.

ჟურნალისტის ინიციატივას, რომელიც საგაზეთო პუბლიკაციაში გამოქვეყნდა, 3 წლის განმავლობაში განიხილავდნენ და ავტორს გადაწყვეტილებაც პრესით ეცნობა.

1979 წელს თბილისის მერი მაშინ თენგიზ მენთეშაშვილი, ქვეყნის ლიდერი კი ედუარდ შევარდნაძე იყო. პირველი "თბილისობის" ღონისძიება რეჟისორ ლერი პაქსაშვილს დაევალა.

სწორედ მაშინ დაჯილდოვდნენ პირველი საპატიო თბილისელებიც.

თბილისობის აღნიშვნას გამოხმაურებაც დიდი ჰქონდა და მოწონებაც, შემდეგ ტრადიციადაც იქცა, თუმცა იდეის ავტორი ყოველ ჯერზე აღარ გახსენებიათ. მან განაგრძო ჟურნალისტური და სამეცნიერო საქმიანობა, "თბილისობას" კი თითქმის ყოველთვის ესწრებოდა, როგორც ამ ქალაქის გულშემატკივარი.

თბილისისგან მთავარი აღიარება იდეის ავტორს, იდეის განხორციელებიდან 48 წლის თავზე, შარშან ეწვია. მას საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭეს.

87 წლის გვანჯი მანიას ახლა ახალი ინიციატივა აქვს - თბილისის გერბზე, შევარდენთან ერთად, გამოჩნდეს დედაქალაქის კიდევ ერთი სიმბოლო - ხოხობი.

რადგან ამ უქმეებზე თბილისობა აღინიშნება, გვანჯი მანიას დამსახურებათაგან ყველაზე აქტუალური სწორედ ამ დღესასწაულის იდეაა, მაგრამ მისი სახელი კიდევ ბევრ საინტერესო პროექტი და წამოწყება უკავშირდება.

დღის ამბები