ავიაციაში პირველი არა მაგრამ, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პირველი სერტიფიცირებული ქალი მფრინავი მეგი ფირცხელიანი გახდა.
ფრენას საკუთარი წესები აქვს - სიმაღლე, სიჩქარე, სიზუსტე. ამ წესებით დაიმორჩილა საჭე ცაში.
13 წლის იყო, როცა სვანეთს პირველად გადაუფრინა. მარტო ფრენის ოცნებაც მაშინ დაიბადა. ისე მოხდა, რომ პროფესია თავდაცვის ძალებს დაუკავშირა, მერე ნამდვილი სიყვარული იპოვა და ცასთან ურთიერთობა უფრო მარტივად შედგა.
დავითი ინსტრუქტორ-პილოტია დიდი ავიაციიდან. მის ანგარიშზე 3 000 საათზე მეტია. ღრუბლებში გატარებული დრო დიდ გამოცდილებად იქცა. ერთი წლის წინ, როცა ახალი კანონი ამოქმედდა, საავიაციო სკოლის გახსნა გადაწყვიტა, მოყვარულებისთვის თავისუფლების ეს შეგრძნება ხელშესახებ ოცნებად რომ ექცია.
ყველაზე ბედნიერი წუთები მაშინ დგება, როცა მისი მოსწავლე სოლო რეისს შეასრულებს და ლიცენზიას მოიპოვებს. პროფესიული მიღწევისთვის ახალბედა მოინათლება, თუმცა საავიაციო გზა ჯერ კიდევ დაუსრულებელია. ამ გზის დასაწყისში ახლა 65 წლის მომავალი პილოტია.
თეორიული და პრაქტიკული წვრთნები მშობლიურ და საერთაშორისო ენებზე ტარდება.
რაც ზევით ხდება, ზევით რჩება. სიმაღლესთან ერთად ყველაფერი იცვლება. ინსტრუქტორის სავარძელში სხვა ადამიანია - გამოცდილი პროფესიონალი.
ყოველი გაფრენა ერთი დიდი ცერემონიაა, ნაბიჯ-ნაბიჯ შემოწმებული დეტალებით, მერე მიწა უკან რჩება და ფრთები ცაში იჭრება.
პირველი საავიაციო სკოლა საქართველოში, ამ სკოლის კურსდამთავრებული ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პირველი სერტიფიცირებული ქალი მფრინავი, მომავალი ინსტრუქტორი გახდება გზამკვლევი მათთვის, ვინც პირველ ნაბიჯებს გადადგამს ღრუბლებში.