მმართველი გუნდისთვის ოპოზიციონერი ლიდერების საზღვარგარეთ ვიზიტებს კონკრეტული მიზანი აქვს. პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ უცხოეთში ვოიაჟებით ქვეყნის იმიჯი დააზიანონ, ამ ფონზე კი საკუთარ მხარდამჭერებში რევოლუციური მუხტი გაზარდონ.
არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, უცხოეთში თითქმის ერთდროულად წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს როგორც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე, ისე ბოიკოტში მყოფმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა. ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გენერალური მდივანი და პარტიის სპიკერი. მათ უკვე გამართეს შეხვედრები პოლიტიკურ თანამოაზრეებთან.
შტატების პარალელურად ბრიუსელში ჩავიდა "ლელო".
სახელისუფლებო პარტიაში მიიჩნევენ, რომ 4 ოქტომბრამდე ქვეყნის დატოვებით ოპონენტების მორიგი ლუსტრაცია მოხდა და გამოჩნდა, რომ ისინი ლეგიტიმაციის მიღებას არა ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ ცდილობენ.
მმართველი პარტია ოპონენტებს შეახსენებს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ ვადაში მათი მთავარი ინტერესი საარჩევნო ველზე ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვება უნდა იყოს და არა უცხოეთში გაწერილი გეგმის შესრულება.