16 აგვისტო 2026,   11:29
ვრცლად
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ელენე ხოშტარიამ თვითდაპატიმრების ტაქტიკა, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებამდე წინასწარ შეიმუშავა

პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ელენე ხოშტარიამ თვითდაპატიმრების ტაქტიკა, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებამდე წინასწარ შეიმუშავა. შალვა პაპუაშვილის თქმით, "დროას" ლიდერმა ჯერ პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული ჩაიდინა, შემდეგ კი 4 ოქტომბრის, შესაძლო ძალადობრივი აქციის შედეგებზე პასუხისმგებლობა მიზანმიმართულად მოიხსნა. სპიკერს ამის დასტურად, შეფარდებული გირაოს გადახდაზე, ხოშტარიას უარი მოჰყავს და სხვა ოპოზიციონერი ლიდერების მსგავს ქმედებებსაც იხსენებს.

საპირისპიროს ამტკიცებს ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური ფლანგი და ირწმუნება, რომ "დროას" ლიდერმა, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის შეფარდებული გირაოს გადაუხდელობით, ოპოზიციის მხარდამჭერებს სამოქალაქო გამბედაობის მაგალითი მისცა. სააკაშვილის პარტია იმასაც ამტკიცებს, რომ ხოშტარიას ციხეში დარჩენა 4 ოქტომბერს ცალკეული ოპოზიციური პარტიების გეგმაზე გავლენას ვერ მოახდენს.

"გირჩი" კი დარწმუნებულია, რომ ხოშტარია 4 ოქტომბრის ქუჩის პროტესტიდან მხოლოდ იმის გამო დისტანცირდა, რომ ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას არც გეგმა და არც სათქმელი აქვს საკუთარი მხარდამჭერებისთვის. "დროას" ლიდერის ქმედებაზე, მკაფიო პოზიციის გამოხატვისგან თავს იკავებს "ლელო".

ოპონენტებს დღეს სახელისუფლებო გუნდიდან შეახსენეს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დარჩენას, სწორედ ის ოპოზიციონერი ლიდერები ირჩევენ, ვინც ბოლო პერიოდში რევოლუციურ პროცესს აანონსებდა. ეს "ქართული ოცნებისთვის" მორიგი დასტურია, რომ ცალკეული პარტიები საკუთარ გეგმას უკვე თავად ემიჯნებიან.

ხოშტარიას გადაწყვეტილების შესახებ მედიის შეკითხვას გუშინ პრემიერ-მინისტრმა უპასუხა და მანაც აქცენტი თვითდაპატიმრებაზე გააკეთა.

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე, ელენე ხოშტარიას, სასამართლომ 5 000 ლარიანი გირაო 2 დღის წინ შეუფარდა. "დროას" ლიდერმა კი თანხის გადახდაზე და სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებაზე უარი თავად განაცხადა.

დღის ამბები