თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ტრამპის გადაწყვეტილება, რომელმაც ულტრამემარცხენე მოძრაობა "ანტიფა" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
"ანტიფას" ავადმყოფურ, საშიშ, რადიკალურ მემარცხენე კატასტროფას, მსხვილ ტერორისტულ ორგანიზაციად ვაცხადებ - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმაზე და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს დაიწყოს გამოძიება ორგანიზაციის დამფინანსებლების გამოსავლენად. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მიესალმებიან ნებისმიერი ქვეყნის გადაწყვეტილებას, რომელიც რადიკალიზმს უპირისპირდება. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ იდეოლოგიის დასასრული სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, დგება.
"რას გვეუბნება პრეზიდენტ ტრამპის მიერ ამერიკული რადიკალური ჯგუფის "ანტიფა" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება და მისი დაფინანსების სქემებზე გამოძიების დაწყება?
ცხადი ხდება, რომ წინა ადმინისტრაციების ნასაზრდოებ რადიკალიზმის იდეოლოგიას ამერიკაში სათავეს უკეტავენ და ამ იდეოლოგიის საცეცების დასასრული სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, დგება. ეს გამოფხიზლება იმის აღიარების შედეგია, რომ რადიკალიზმი შეუქცევადია და მისი საბოლოო გაჩერება ტერორიზმია.
რადიკალიზმის ხელშეწყობა უნდა შეწყდეს. დემოკრატიის გადარჩენა არა რადიკალიზმის დათმენაში, არამედ მის აღკვეთაშია, რადგან დღევანდელი რადიკალიზმი ხვალ ტერორიზმად მოგვევლინება.
ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიბაძოს აშშ-ის ადმინისტრაციას და უარი თქვას რადიკალიზმის წაყრუებაზე, წაქეზებაზე და დაფინანსებაზე და დაუბრუნდეს ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს, რადგან რადიკალიზმის ქართან მოთამაშეები, ადრე თუ გვიან, ტერორიზმის ქარიშხალს იმკიან", - წერს შალვა პაპუაშვილი.