12 აგვისტო 2026,   03:07
ვრცლად
ასეულობით მილიონი დოლარი აჭარის ეკონომიკისთვის - ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საზღვაო კურორტზე 300 მილიონი დოლარის ღირებულების ორი ცათამბჯენის მშენებლობა იწყება

300 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი, რაც 160 000-ს კვადრატულ მეტრზე, 2 300 ნომრით სასტუმროსა და ლუქს კლასის აპარტამენტების მშენებლობას ითვალისწინებს - "ორბი ჯგუფის" მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის დაწყებისა და შენობის საძირკველში კაფსულის ჩაშვების ღონისძიება ბათუმში გაიმართა.

ახალი ინვესტიციის განხორციელება, ურბანული იერსახის მრავალფეროვნებასთან ერთად, სავაჭრო ცენტრების, სპა კომპლექსების, რესტორნებისა თუ სხვადასხვა ივენთ-სივრცეების მშენებლობით, ხელს შეუწყობს ბათუმში ახალი ეკონომიკური და ტურისტული ცენტრის შექმნას.

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებაც მიიღო ინფორმაცია. წელს აეროპორტში დასრულდა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია, გაორმაგდა თვითმფრინავების სადგომების რაოდენობა. მიმდინარე წელს კი მგზავრთა დახვედრის ზონისა და პასპორტის კონტროლის ზონის გაფართოება იგეგმება.

საქართველოს მთავრობის მეთაური ბათუმში განახლებულ #7 საჯარო სკოლასაც ეწვია. სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა და განახლდა სასკოლო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, დამონტაჟდა ლიფტი. სამუშაოებისთვის დაიხარჯა 5 047 000 ლარი.

დღის ბოლოს, პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150,000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში 20 გამარჯვებული გამოავლინა. ითქვა, რომ საქართველოს მთავრობა სტარტაპების მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად გეგმავს. ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში 4 გამარჯვებული უკვე ცნობილია. შერჩეული აქსელერატორები დაეხმარებიან ქართულ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში. პროგრამის განხორციელება 2026 წლის დასაწყისში დაიწყება.

ირაკლი კობახიძემ ქობულეთში "ჩელე არენას" რეაბილიტაციის პროცესიც დაათვალიერა. პირველი ეტაპის ფარგლებში ეტაპის ფარგლებში შეიცვალა მინდვრის საფარი. ორ მცირე სტადიონზე მოეწყო განათებები. რეაბილიტაცია ტრიბუნებსა და ადმინისტრაციულ შენობებსაც ჩაუტარდათ. ინფრასტრუქტურული სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა.

დღის ამბები