დედაქალაქის მერმა და მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ის პროგრამები წარადგინა, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მისი გუნდის მთავარი პრიორიტეტი იქნება. ბენეფიტებით უკვე სარგებლობს 300 ათასი მოქალაქე. დამატებითი სერვისებისთვის კი გამოყოფილია 106 მილიონი ლარი. იგეგმება სამი ახალი პროგრამის ამოქმედება.
დღევანდელ პრეზენტაციაზე ისაუბრეს, როგორც სამომავლო გეგმებზე, ასევე მიმდინარე პროგრამებში განხორციელებულ ცვლილებებზე. დაავადებათა სკრინინგის პროგრამაში კვლევითი მეთოდების დამატება იგეგმება, ასევე გაფართოვდება მედიკამენტების მიწოდების პროგრამაც. თბილისის მერიას სოციალური პროგრამების მიმართულებითაც აქვს სიახლეები.
ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების განვითარების მნიშვნელობაზე საუბრობენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებიც, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ინიციატივები მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.
პროგრამის წარდგენას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. შალვა პაპუაშვილის თქმით, თბილისის მერიის მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეებზე ზრუნვაა.
ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები კახი კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას დღეს გააცნო.
ავტორი: სიმონ შანავა