17 აგვისტო 2026,   17:53
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკისგან ითხოვს განმარტოს, აპირებს თუ არა გაემიჯნოს აქტივისტს, რომელიც სიძულვილის ენით და რადიკალური შინაარსის განცხადებებით გამოირჩევა - საუბარია ანანო ცინცაბაძეზე, რომელიც სოლიდარობის ფონდ "PL საქართველოს" წარმოადგენს

პარლამენტის თავმჯდომარის ადრესატი ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკია - სპიკერი, დიპლომატისგან ითხოვს განმარტოს, აპირებს თუ არა გაემიჯნოს აქტივისტს, რომელიც სიძულვილის ენით და რადიკალური შინაარსის განცხადებებით გამოირჩევა. საუბარია ანანო ცინცაბაძეზე, რომელიც სოლიდარობის ფონდ "პიელ საქართველოს" წარმოადგენს. პოლონეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის წევრებს, პაველ ჰერჩინსკი რამდენიმე დღის წინ გურიაში შეხვდა. ფოტოები კი სოციალურ ქსელში თავად ანანო ცინცაბაძემაც გაავრცელა.

აქვს თუ არა"სოლიდარობის ფონდ "პიელ საქართველოს", უცხოური გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობის თანხმობა და იხარჯება თუ არა პოლონეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა მიზნობრივად? - ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ უკვე დაიწყო. ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში, საჭირო ინფორმაციის წარმოსადგენად კი "პიელ საქართველოს" ვადა კვირის ბოლომდე განესაზღვრა.

აპირებს თუ არა "პიელ საქართველო", ანტიკორუფციულ ბიუროსთან თანამშრომლობას? - განმარტება დღეს არც ორგანიზაციას და არც მის წევრ ანანო ცინცაბაძეს გაუკეთებია. ფონდის წარმომადგენელმა "კურიერს" მხოლოდ გუშინ დაუდასტურა, რომ ორგანიზაცია უარს ამბობს გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაციაზე და ამ გადაწყვეტილებას სწორად მიიჩნევს.

ორგანიზაციის მხრიდან, გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაციაზე უარი, პრობლემას არ წარმოადგენს ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტებისთვის კითხვებს არც პაველ ჰერჩინსკისა და აქტივისტების შეხვედრები აჩენს.

ევროპელი დიპლომატის მხრიდან ვენის კონვენციის დარღვევასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბრობს სახელისუფლებო გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პაველ ჰერჩინსკი, ექსტრემიზმის წახალისებას მიზანმიმართულად ცდილობს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა კი დუმს და უკვე 3 დღეა არ პასუხობს "კურიერის" წერილობით შეტყობინებას, რომ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, ელჩისა და ენჯეოების შეხვედრასთან დაკავშირებით.

დღის ამბები