"კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ჩვენებით დასტურდება, რომ უკრაინიდან საქართველოში განსაკუთრებით საშიში ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა გამოგზავნეს. გამოკითხვის ოქმი "ჰექსოგენის" საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს, ტრაილერის მძღოლ - მიხაილო სკრუპსკის ეკუთვნის. სკრუპსკი ქართველ გამომძიებელს უყვება, რომ 3 თვის წინ მას უცნობი მამაკაცი დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა. კიევში სტალიჩნაიას ქუჩაზე მასთან უცნობი მამაკაცები მივიდნენ და თავად უთხრეს, რომ უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იყვნენ. ჩვენებაში დაკავებული პირი ერთ-ერთი მათგანის ვინაობასაც ასახელებს. ირკვევა, რომ ვინც ტრაილერის მძღოლს 5 ქვეყნის გავლით საქართველოში განსაკუთრებით საშიში ასაფეთქებელი ნივთიერება გამოატანა ესბეუ-ს თანამშრომელი - ვლადიმერ სტადნიკია.
გამოკითხვის ოქმიდან ირკვევა ისიც, რომ პირველივე შეხვედრაზე, ესბეუ-ს თანამშრომლებმა ჯერ ტრაილერი დაათვალიერეს, შემდეგ მოიწონეს და მძღოლს უთხრეს, რომ საქართველოს მიმართულებით ტვირთის გადატანა სურდათ. "კურიერის" მიერ მოპოვებული ჩვენებით დასტურდება, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო ლოკაცია საქართველო- თბილისი იყო. საიდუმლო ტვირთის დანიშნულება უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა არ გაამჟღავნეს, რამაც ტრაილერის მძღოლს ეჭვები გაუჩინა.
"ჰექსოგენის" საქმესთან და ახალ გარემოებებთან დაკავშირებით დღეს კომენტარი პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, შემაშფოთებელია, როცა უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართ ასეთ დამოკიდებულებას ავლენს.
ვიდრე გამოძიება დამატებით დეტალებს დაადგენს, "კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ჩვენებით დასტურდება ისიც, რომ უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით საშიში ასაფეთქებელი ნივთიერება ავტომანქანის ზეთად გაასაღეს. გამოკითხვის ოქმში წერია, რომ ესბეუ-ს თანამშრომლებმა ტრაილერის მძღოლი დაარწმუნეს, რომ ტვირთს საქართველოში, იმისთვის გზავნიდნენ, რომ რუსეთში სპეცოპერაცია ,,პაუწინა ორი" მოეწყოთ. თუმცა, მძღოლმა ჩვენებაში არაერთხელ განმარტა, რომ ის მხოლოდ უკრაინა-საქართველოს მიმართულებით გადაადგილდებოდა.
ტრაილერის მძღოლმა 5 ქვეყნის საზღვარი უპრობლემოდა გაიარა. ჩვენების ბოლოს კი ბრალდებული საქართველოში ჩამოსვლის დეტალებს იხსენებს. ჰყვება, რომ ჩამოსვლისთანავე ესბეუ-ს თანამშრომელს დაურეკა. ზარიდან რამდენიმე საათში კი, მასთან ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა და უკრაინიდან ჩამოტანილი ნივთები მოსთხოვა. სწორედ ამ დროს დააკავეს ქართველმა სამართალდამცველებმა ორივე მათგანი.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლებისთვის გასაკვირი არ არის, რომ "ჰექსოგენის" საქმის კვალი სწორედ უკრაინის სპეცსამსახურებამდე მივიდა.
ოპოზიციაში საქმის დეტალებზე საუბარი არ სურთ.
რა მიზნით გამოაგზავნეს უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით საშიში ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში, დეტალებს გამოძიება სწავლობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის ორი მოქალაქე 11 სექტემბერს დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა გადაზიდვას გულისხმობს. სუს-ი, ასევე იკვლევს მედიაში გავრცელებულ ვერსიასაც, რომლის მიხედვითაც ასაფეთქებელი ნივთიერება ოპოზიციის მხრიდან 4 ოქტომბერს დაანონსებულ პროტესტს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სახელს უკავშირდება.
ავტორი: ნანა გოგატაძე