23 აგვისტო 2026,   00:10
ვრცლად
ეუთო/ოდირის პასუხი "კურიერს" - საქართველოსთვის უარის ფონზე ჩეხეთში სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა, მმართველი პარტიისთვის ორგანიზაციის მხრიდან მინიმუმ ორმაგი სტანდარტია

საქართველოსთვის უარის ფონზე ჩეხეთში სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა, მმართველი პარტიისთვის, ეუთო/ოდირის მხრიდან მინიმუმ ორმაგი სტანდარტია. "ქართულ ოცნებაში" რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ, რის გამოც სადამკვირვებლო ორგანიზაციამ საქართველოში მისიის გამოგზავნაზე უარი თქვა. ერთ-ერთი და მთავარი, პოლიტიკური ზეწოლისგან შეგნებულად თავის არიდებაა.

ეუთო/ოდირმა "კურიერისთვის" გამოგზავნილ წერილში დაადასტურა, რომ საქართველოში არ ჩამოდის, თუმცა მისიას აგზავნის ჩეხეთში, სადაც 3 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებს გაუწევს მონიტორინგს. მიწვევა ეუთო/ოდირში 2 სექტემბერს გაიგზავნა, 3 დღით ადრე, ვიდრე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სადამკვირვებლო ორგანიზაციას 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მოიწვევდა. ეუთო/ოდირს ახლა იმის ახსნა უწევს, როგორ ახერხებს ჩეხეთში ჩასვლას მაშინ, როდესაც საქართველოში მისიის გაგზავნაზე უარის მოტივად არასაკმარისი ვადა დაასახელეს. "კურიერისთვის" გამოგზავნილ წერილში წერენ, რომ განსხვავება მისიების ფორმატშია.

ჩეხეთისთვის საარჩევნო შეფასების, საქართველოსთვის კი საარჩევნო სადამკვირვებლო მისია უნდა დაკომპლექტდეს.

ოფიციალური განმარტების გარდა არსებობს კონკრეტული ფაქტები, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებში ეუთო/ოდირი ისე დაკვირვებია არჩევნებს, რომ საჭიროებათა შეფასების მისია არ ჩასულა. ბულგარეთი, საბერძნეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, მოლდოვა, ლატვია და ჩრდილოეთ მაკედონია - ეს სწორედ ასეთი ქვეყნების ჩამონათვალია.

ფაქტები ოპოზიციისთვის გადამწყვეტი არ არის.

"ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, მიზეზი, რის გამოც ეუთო/ოდირმა საქართველოს მისიის გამოგზავნაზე უარი უთხრა, უსაფუძვლოა. იხსენებენ 2008 წლის მაგალითს, თუ როგორ შეძლო მისიამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მომზადება და ქვეყანაში ერთ თვეში ჩამოსვლა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა დანიშნული, არსებული მონაცემებით, კენჭისყრის დღეს 16-ზე მეტი საერთაშორისო და 9 ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან.

დღის ამბები