გერმანიის პარლამენტმა იმუნიტეტი ჩამოართვა ცნობილ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს, “ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის წევრს. სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, ხელისუფლებამ მის სახლსა და ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას apnews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ჩხრეკები მოჰყვა ბრალდებებს, რომლის თანახმადაც, 47 წლის მაქსიმილიან კრახს კავშირები ჰქონდა ჩინეთთან, ასევე ჩართული იყო კორუფციისა და ჯაშუშობის სკანდალებში. მისთვის იმუნიტეტის ჩამორთმევა აუცილებელი ნაბიჯი იყო მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაყენებლად.
კრახი უარყოფს დანაშაულს და აცხადებს, რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.
პარტიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის“, ასევე ცნობილმა, როგორც AfD, კრახს გასულ წელს ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა მას შემდეგ, რაც მან იტალიურ გაზეთს განუცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს მასშტაბურ ომის დანაშაულებში მონაწილე ელიტური ნაცისტური SS-ის დანაყოფის ყველა წევრი ომის დამნაშავე არ იყო.
მიუხედავად ამისა, მან წელს გერმანიის პარლამენტში ადგილი მოიპოვა, რაც ბუნდესტაგში, ეროვნულ არჩევნებში პარტიის ისტორიული წარმატების ნაწილია.