რა პრინციპით მიიღო გადაწყვეტილება ეუთო/ოდირმა, რომელიც დროის იგივე მონაკვეთში, ჩეხეთში გამგზავრებას და არჩევნებისთვის მომზადებას ასწრებს, საქართველოში ჩამოსვლაზე კი უარის მიზეზად სწორედ ვადებს ასახელებს - მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტზე საუბრობს.
როგორც პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, ეუთო/ოდირზე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშის შემდეგ, არნახული წნეხი განხორციელდა და მისივე თქმით, მისიის წარმომადგენლობა სწორედ მსგავსი შემთხვევის თავიდან აცილების გამო ამბობს უარს, დააკვირდეს საქართველოში 4 ოქტომბრის არჩევნებს:
"გვახსოვს, როდესაც სააკაშვილის საპრეზიდენტო არჩევნები იყო ერთ თვეში დააკომპლექტეს მისია, ახლა ჩეხეთის შემახვევა, როდესაც ანალოგიურ ვადაში აკომპლექტებენ. ამას რამდენიმე დღე სჭირდება, შეიძლება ერთი კვირა სჭირდებოდეს, უბრალოდ საბაბია, რადგან ეუთო/ოდირზე განხორციელდა არნახული წნეხი მას შემდეგ, რაც მათ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ვიხილეთ თუ როგორი ბულინგის მსხვერპლი გახდა ეუთო/ოდირი და არ სურთ, რომ ეს ყველაფერი განმეორდეს. ერთი მხრივ, არ სურთ რომ რეპუტაცია დაუზიანდეთ და დაწერონ არასწორი დასკვნა, მეორე მხრივ კი, როდესაც რეალურ დასკვნას დაწერენ, იქ კვლავ იქნება აღნიშნული, რომ არჩევნებმა ძალიან მაღალ დონეზე ჩაიარა. იციან ამას შემდეგ როგორი ბულინგი მოჰყვება ევრობიუროკრატების მხრიდან, შესაბამისად, ამ ყველაფერს ერიდებიან"- აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
ირკვევა, რომ მისიამ, რომელმაც საქართველოში, 4 ოქტომბრის არჩევნების დაკვირვებაზე უარი დროის სიმცირის გამო განაცხადა, ჩეხეთში მიემგზავრება. ოფიციალურმა პრაღამ ეუთო/ოდირს მიწვევა 2 სექტემბერს გაუგზავნა, არჩევნები კი ჩეხეთში სამ ოქტომბერს იმართება.