17 აგვისტო 2026,   23:41
ვრცლად
არჩილ გორდულაძე ხაბეიშვილზე: ეს ადამიანი არაერთხელ, თვეების განმავლობაში, საჯაროდ მოუწოდებდა ადამიანებს, რომ დესტაბილიზაცია მომხდარიყო 4 ოქტომბერს

"როდესაც ერთი კონკრეტული ადამიანი, გარედან დაფინანსებული, მართული, კოლექტიურ ნაცმოძრაობაში გაერთიანებული და იქაც კომიკური ფიგურა, ადამიანებს და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს ჰპირდება უკანონო ქმედების განსახორციელებლად თანხებს, ეს არის ქრთამის დაპირება და არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული," - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, არჩილ გორდულაძე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრების, ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას დაკავებას.

მისი თქმით, ხაბეიშვილი სამართალდამცავებს ქრთამს სთავაზობდა და მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდა.

"რაც შეეხება ბრალის დამძიმებას - ეს ადამიანი არაერთხელ, თვეების განმავლობაში, საჯაროდ, სხვადასხვა ეთერებიდან და სოციალური ქსელებით მოუწოდებდა ადამიანებს, რომ დესტაბილიზაცია მომხდარიყო 4 ოქტომბერს. კონკრეტულ თვესა და რიცხვს აანონსებდა და ასევე მოუწოდებდა ყველას, რომ მონაწილეობა მიეღოთ ხელისუფლების დამხობაში.

ბატონ მურთაზ ზოდელავას, ადამიანს, რომელიც იყო პროკურატურის მაღალჩინოსანი, ყველაზე კარგად მოეხსენება, თუ რა არის დანაშაული და, პირველ რიგში, ის არ უნდა უშლიდეს გამოძიებას ხელს. სმარტფონის გადამალვა სცადა, რაც კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს, რომ ამ ტელეფონში არის ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს გამოძიებისთვის," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი 2025 წლის 11 სექტემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალი წარდგენილი აქვს ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაში. ამავე საქმეზე დაკავებულ მურთაზ ზოდელავას ბრალად ედება ლევან ხაბეიშვილის ტელეფონის დამალვა და გამოძიებაში უკანონო ჩარევა.

პროკურატურა სასამართლოს ხაბეიშვილისთვის პატიმრობის, ხოლო ზოდელავასთვის გირაოს შეფარდებას სთხოვს.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები