17 აგვისტო 2026,   23:40
ვრცლად
"საქართველოს მთავრობის მეთაური გერმანელი ელჩის გაძევებას განიხილავს" - "შპიგელის" სტატია პეტერ ფიშერზე და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ელჩი "შპიგელში" გამოქვეყნებული სტატიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ახსენა. "საქართველოს მთავრობის მეთაური გერმანელი ელჩის გაძევებას განიხილავს" - ამ სათაურით გამოაქვეყნა გამოცემამ სტატია, სადაც ნათქვამია რომ პეტერ ფიშერს საქართველოს ხელისუფლებაში ცოტა მეგობარი ჰყავს. "შპიგელის" სტატიის მიხედვით, გერმანელ დიპლომატს საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში და ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.

საქართველოს ხელისუფლებას რომ გერმანიის ელჩისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს, ბუნებრივია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნისათვის. კახი კალაძის განცხადებით, პეტერ ფიშერი დიდი ხანია გაცდა დიპლომატიურ ჩარჩოებს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით, უხეშად ერევა ქვეყნის შიდა საქმიანობაში.

განცხადებებს, რომლებსაც "ქართული ოცნების" ლიდერები აკეთებენ, ელჩზე თავდასხმად აფასებს ოპოზიცია. ამბობენ, რომ ხელისუფლება გერმანიასთან ურთიერთობის დაზიანებას მიზანმიმართულად ცდილობს.

მმართველ გუნდში კი, იმ კონკრეტულ ფაქტებს იხსენებენ, რაც მათივე შეფასებით, ცხადად ადასტურებს რომ პეტერ ფიშერი საქართველოში ძალადობას და რადიკალიზმს ახალისებს. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია გერმანიის ელჩის შეხვედრა ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის წევრებთან. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ გერმანელი დიპლომატი იმ აქტივისტ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც მცირეწლოვან შვილებთან ერთად მყოფ მარიამ ლაშხს თავს დაესხნენ. აქტივისტებთან შეხვედრის ფოტოები სოციალურ ქსელში, პეტერ ფიშერმა თავად გაავრცელა.

გერმანულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში, 2024 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე და არჩევნების შემდეგ თბილისში განვითარებულ მოვლენებზეც არის საუბარი.

დღის ამბები