მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" ლიდერი, პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს დაგეგმილ მასობრივ საპროტესტო აქციასთან "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ მაღალჩინოსანს, ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს.
"4 ოქტომბრის ვისაც ეშინია, არის "ქართული ოცნება". ქართველი ხალხი ელოდება 4 ოქტომბერს. დავკიდეთ ეს თარიღი და ვაძლევთ მანამდე საშუალებას, რომ როგორმე გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან.
არავითარ შემთხვევაში არ არის [ბაჩო ახალაია] ჩართული და არც გვაინტერესებს ჩვენ," - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, Prime Time - მა გაარკვია, რომ თბილისში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი ბაჩო ახალაია პერმანენტულ კავშირზეა უკრაინის სპეცსამსახურებთან, რასაც კოორდინაციას უკრაინის ხელისუფლების მოქმედი მაღალჩინოსანი, გია ლორთქიფანიძე უწევს. ცნობილი ხდება, რომ ახალაია, რამდენიმე ყოფილ ძალოვანთან და" ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში ამუშავებდა 4 ოქტომბერს, არეულობის მოწყობის შემდეგ პარლამენტის “აღების” გეგმას, ხოლო შეკრების ადგილად შავიშვილის ქუჩაზე არსებული, მისი ცოლის, ანი ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებული სახლი აქვთ არჩეული.
სანდო წყარომ "ნაცმოძრაობის" რიგებიდან გამოცემას მიაწოდა ინფორმაცია, რომ გეგმის სისრულეში მოსაყვანად ახალაია სახლში ფიზიკურად ინახავს პარლამენტის შენობის დიდ მაკეტს, რათა თანამზრახველებს დეტალურად აუხსნას შენობის პიკეტირების სამოქმედო გეგმა, რაც თავის მხრივ, აქტივისტებთან უნდა ჩაიშალოს. რაც შეეხება ახალაიას კავშირებს "ასაფეთქებელი ნივთიერების" სკანდალურ საქმესთან, წყაროს ინფორმაციით ახალაია რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდებოდა "დახმარებას უკრაინიდან", დახმარება კი, დიდი ალბათობით, სწორედ ეს ასაფეთქებელი ნივთიერებაა. ამასთანავე, ახალაია მუდმივ კავშირზეა გია ლორთქიფანიძესთან და, Prime Time-ის ინფორმაციით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, სწორედ მას უნდა გაეწია კოორდინაცია, რათა ტვირთი მისულიყო ავლაბარში, "ავლაბრელ მეგობართან", როგორც თავად მოიხსენიებდა.