07 აგვისტო 2026,   18:32
ვრცლად
ჯგუფური ძალადობა, წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობის, ან ძალადობის მუქარისა და სხვისი ნივთის დაზიანება - 8-9 სექტემბერს განვითარებული მოვლენების გამო დაკავებული დემონსტრანტების საქმე

კაცი, რომელიც ქალს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ზაზა მამალაძეა. "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, აქციის მონაწილეზე ფიზიკური ძალადობისთვის დააკავეს.

22 წლის ირაკლი ბუაჩიძე კი, სამართალდამცველებმა, მამალაძის მსგავსად ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის აიყვანეს. საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მმართველი გუნდის მომხრე, კახა კალაძის შტაბთან წაქცეულ პირს ხელკეტით უსწორდება.

საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დაკავებული პირი, ირმა დიასამიძეა. აქციის მონაწილემ და ოპოზიციის მხარდამჭერმა დემონსტრანტმა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის ბანერზე წარწერები 9 სექტემბერს გააკეთა.

მელიქიშვილის 21-თან, 8-9 სექტემბერს განვითარებული მოვლენების გამო, პოლიციამ, სამივე პირი გუშინ აიყვანა. სისხლის სამართლის სხვადასხვა მუხლით დაკავებულებს, ბრალის დადგენილება, დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნობენ.

გამოძიების შედეგს ელოდება დედაქალაქის მერობის კანდიდატი. კახა კალაძე, წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასა და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლაზე საუბრობს და ამბობს, რომ ნებისმიერი სამართალდარღვევის შემთხვევაში, ყველა პირმა პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს.

ოპოზიციისთვის მისაღები მხოლოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერების დაკავებაა. საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე, აქციის მონაწილის წინააღმდეგ დევნის დაწყებას კი, ხელისუფლების ოპონენტები უსამართლოდ მიიჩნევენ.

სამართალი ყველას მიმართ თანაბრად უნდა მოქმედებდეს - ასეთია სახელისუფლებო გუნდის პოზიცია, სადაც მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს, უცხოეთიდან დაფინანსებულ პროვოკაციას უწოდებენ. ერთ-ერთი, ვისაც მმართველი პარტია აქციის მონაწილეების ქმედებების წახალისებაში ადანაშაულებს გერმანიის ელჩია.

მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე, შსს-ში გამოძიება 3 მუხლით - ჯგუფური ძალადობის, წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობის ან ძალადობის მუქარისა და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები