უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთ-საქართველოს საზღვარი - მარშრუტი და დანაშაულებრივი სქემა გაშიფრულია, დაკავებულია უკრაინის ორი მოქალაქე.
გამოძიების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეებმა უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით 2 კილოგრამი და 400 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება "ჰექსოგენი" შემოიტანეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საუბარია საშიშ ნივთიერებაზე, რომელიც ტროტილზე ბევრად უფრო ძლიერია.
დაკავებულები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ - მათ ასაფეთქებელი ნივთიერება შენიღბულ სამალავებში მოათავსეს და 4 ქვეყნის გავლით საქართველოში მალულად შემოიტანეს. დაკავებულია ადრესატიც, რომელმაც უკრაინიდან საქართველოში საგანგებოდ მოწყობილი სამალავით შემოტანილი ნივთიერება "ჰექსოგენი" მძღოლს გამოართვა.
ტერორისტული აქტის მომზადება თუ საქართველოს გამოყენება, როგორც ტრანზიტული ქვეყანა? - რისთვის შემოჰქონდათ უკრაინის მოქალაქეებს საშიში ნივთიერება, - გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. სავარაუდოდ, უკვე იშიფრება საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონები, სიმბარათები, კომპიუტერი და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება კოკაინიც.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღკვეთილ დანაშაულს იწონებს ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტები აღიარებენ, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. სახელისუფლებო პარტია კი აქცენტს საგამოძიებო უწყებების ეფექტურ მუშაობაზე აკეთებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ორივე ვერსიის შემთხვევაში - აღკვეთილია მძიმე დანაშაული.
გაიზრდება თუ არა დამნაშავე პირთა წრე? - საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას და გადაზიდვას გულისხმობს. დაკავებულებს ბრალად 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულიც წარედგინებათ - ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით.