17 აგვისტო 2026,   13:37
ვრცლად
"ჩვენ ვნახეთ პირდაპირი ბულინგი ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობაზე და ახლა, როგორც ჩანს, ბულინგის ქვეშ ისევ აღმოჩნდა" - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში ეუთო/ოდირის დასახელებულ მიზეზს აფასებს, რის გამოც არჩევნებს არ დააკვირდებიან. მისი თქმით, გადაწყვეტილება არ უკვირს, რადგან ორგანიზაციაზე ბულინგი ხორციელდებოდა და, როგორც ჩანს, ისევ ბულინგის ქვეშ აღმოჩნდა.

"საზოგადოებას მინდა გავახსენო, საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც ჩვენ მოვიწვიეთ ეუთო/ოდირი და ის იყო ჩამოსული, არჩევნების შემდეგ დადო საკმაოდ პოზიტიური დასკვნა, ეს არ მოეწონა არავის და წავიდა ბულინგი ეუთო/ოდირზე, როგორც ორგანიზაციაზე. გავახსენოთ საზოგადოებას, ასევე, ეუთო/ოდირის საპარლამენტო არჩევნების დასკვნაზე, რას საუბრობდა ეს ე.წ. ოპოზიცია - გახარია ამბობდა, რომ მე საერთოდ არ მაინტერესებს ეუთო/ოდირის დასკვნაში რა წერია. გვარამია ამბობდა, რომ ჩემთვის ბიბლია არ არის ეუთო/ოდირი. ანუ, პრაქტიკულად გაანულეს ეუთო/ოდირი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია. შემდგომ კი, როდესაც წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირი რატომ არ მოიწვია ხელისუფლებამ.

მოწვევის მიზანი ზუსტად ის არის, რომ არჩევნებს დააკვირდნენ და არჩევნები რომ არ გაყალბებულა, ეს მერე ხომ თვითონ აღიარეს, 300 და 400 ათასი ხმა როგორ შეიძლებოდა გაყალბებულიყო 2 მილიონში?!

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვნახეთ პირდაპირი ბულინგი ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობაზე და ახლა, როგორც ჩანს, ბულინგის ქვეშ ისევ აღმოჩნდა ეს ორგანიზაცია. მაგრამ ეს ხომ ჩვენი პრობლემა არ არის. თუმცა, ეუთო/ოდირი კი არა, მთელი ევრობიუროკრატია და ამერიკის რაღაცა ნაწილი ჯერ კიდევ მაინც გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ არის და ეუთო/ოდირი რომ იყოს მოქცეული, ეს ჩვენ არ გვიკვირს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები