სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა და ნივთის პრივატიზება მთავრობის დადგენილებით, განსაზღვრული წინაპირობებით განხორციელდება. ცვლილებები "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონში შედის.
მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი არ არის ის წინაპირობები, თუ რა შემთხვევებში შეიძლება მოხდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით გასხვისება. აქამდე სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე განკარგვის პირობებს ინდივიდუალურად ადგენდნენ. ახლა კი არსებული პრაქტიკა შეიცვლება და კანონის დამტკიცების შემდეგ ნორმატიული აქტით დარეგულირდება, დაკონკრეტდება, რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება ან გაცვლა.
ექსპერტების განმარტებით, იმ წინაპირობების განსაზღვრა, თუ რა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს მთავრობამ საგამონაკლისო ნორმები, ხელს შეუწყობს ქვეყნის შიდა რესურსების პოტენციალისა და ბიზნესსექტორის გრძელვადიანი პერსპექტივის უკეთ განსაზღვრას.
კანონში დაგეგმილ ცვლილებებს საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პრაქტიკა — უარი ითქვას ქონების პირდაპირი ფორმით პრივატიზებაზე — "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში უკვე არსებობს. ახლა კი, მთავრობის მეთაურის განმარტებით, არსებული პრაქტიკა კანონმდებლობაში აისახება.
ცვლილებების პროექტი საკანონმდებლო ორგანოში განიხილება. კანონის ძალაში შესვლიდან 60 დღის ვადაში ეკონომიკის სამინისტრო იმ კრიტერიუმებს წარადგენს, რომლითაც სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისა და გაცვლის პირობები განისაზღვრება.