13 000 კვადრატული მეტრის ორი საავტომობილო გზა - ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია დასრულებულია. ჭავჭავაძის გამზირის შემდეგ, ვაკის რაიონში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა. მძღოლებისთვის ახალი გზა დღეს, 12 საათზე გაიხსნა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა კომუნიკაციები. მიწისქვეშ დამონტაჟდა ნარჩენების 40-ზე მეტი ურნა. მოეწყო კუნძულები და დაიხაზა ზებრა გადასასვლელები. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ განახლებული ორი ქუჩა, მაღლივის ხიდი და ახალი გვირაბი უნივერსიტეტის ქუჩაზე, ვაკის რაიონში საავტომობილო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს.
წლების განმავლობაში, 2 კილომეტრიან საავტომობილო მონაკვეთზე არ არსებობდა ინფრასტრუქტურა ქვეითებისთვის. რეაბილიტაციის პროცესში გაჩნდა ტროტუარები, დაიგო ასფალტის ახალი საფარი. საავტომობილო მოძრაობას ჩოლოყაშვილის და წერეთლის ქუჩებზე ე.წ ჭკვიანი კამერები დაარეგულირებს. გამწვანებითი სამუშაოები ჩატარდა 2000 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე.
განახლებული ქუჩები უკვე რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირს და წყნეთის გზატკეცილს უერთდება. პროექტის ღირებულებამ 24 მილიონი ლარი შეადგინა.