"დიფ სთეითის" მიერ მართული ძალების მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციები და არაფორმალური გავლენების მიმართ შტატების და ევროპის კონტრასტული დამოკიდებულება - ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილში ამ მიმართულებებზე წერს. ფილოსოფოსის აზრით, როდესაც "დიფ სთეითზე" ბოლო დროს დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან მძაფრი განცხადებები ისმის, "იუსეიაიდსა" და "ნედს" კორუმპირებულ ორგანიზაციებს უწოდებენ, ევროპა კი დუმს.
მმართველი პარტიის ლიდერების შეფასებით, ამერიკის პრეზიდენტის და მისი გუნდის მხრიდან ბაიდენის ადმინისტრაციის ინტერესების მხილება "ქართული ოცნების" განცხადებების დადასტურებაა. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა ერთმანეთის ინტერესების პატივისცემის დაცვით უნდა გადაიტვირთოს.
ურთიერთობების გადატვირთვას ოპოზიცია არ ელოდება. ამბობენ, რომ როცა შტატების მთავრობა "დიფ სთეითზე" საუბრობს, მისი განზოგადება არ შეიძლება. ამბობენ, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ამ ტერმინს ამერიკის შიდა პოლიტიკის კონტექსტში იყენებს.
არაფორმალური გავლენების მქონე ძალების შემაშფოთებელ საქმიანობაზე აკეთებს აქცენტს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე "დიფ სთეითის" მხრიდან ევროპაში გამოწვეულ მძიმე ტენდენციებზე საუბრობს.
შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვას ეხებოდა ღია წერილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს გაუგზავნა. სწორედ ამ წერილს იხსენებს ზაზა შათირიშვილიც და ფიქრობს, რომ მიხეილ ყაველაშვილის გზავნილში ზუსტად იყო გადმოცემული ის რეალობა და პრობლემები, რომელიც ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას აფერხებს
დღეს გამოქვეყნებული წერილის ბოლოს ზაზა შათირიშვილი წერს, რომ არსებული ვაკუუმის, მეორე მხრივ კი "დიფ სთეითის" რებრენდინგის პროცესი და ვადები ხელისუფლებამ სათავისოდ უნდა გამოიყენოს, მაქსიმალურად გააძლიეროს პოზიციები ქვეყანაში და როდესაც საუბრის დრო დადგება, ნებისმიერ ოპონენტთან მყარი პოზიციებით დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.