ნატოში აშშ-ის ელჩის, მეთიუ უიტაკერის განცხადებით, ტრამპმა, ბაიდენისგან განსხვავებით, უკრაინაში ომი ამერიკისთვის მომგებიანი გახადა. ამის შესახებ ელჩმა The Washington Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.
უიტაკერის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ამერიკელი გადასახადის გადამხდელები იხდიდნენ უკრაინის ომისთვის, ახლა კი, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მოლაპარაკებები მიმდინარეობს არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტთან, არამედ, ევროპელი მოკავშირეები და კანადა, ამერიკულ იარაღს ყიდულობენ უკრაინაში მიმდინარე ომისთვის.
"კიდევ ერთი რამ უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ბაიდენი თანამდებობაზე იყო, ამერიკელი გადასახადის გადამხდელები იხდიდნენ უკრაინის ომისთვის და არ არსებობდა იშვიათ მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმებები. ახლა, პრეზიდენტ ტრამპის დროს, ჩვენ არა მხოლოდ პუტინს ვესაუბრებით ბაიდენისგან განსხვავებით, არამედ ევროპელი მოკავშირეები, კანადასთან ერთად, ყიდულობენ ამერიკულ იარაღს ომისთვის, ქმნიან სამუშაო ადგილებს აშშ-ში. ეს კარგია ამერიკისთვის, კარგია ევროპისთვის და ცხადია, კარგია უკრაინისთვის, რადგან მათ შეუძლიათ გააგრძელონ საკუთარი თავის დაცვა", - განაცხადა მეთიუ უიტაკერმა.