20 აგვისტო 2026,   12:55
ვრცლად
თავდაცვა, უსაფრთხოება, ლოგისტიკა, სტატისტიკა - საჯარო სექტორში დასაქმებისთვის ასობით სამუშაოს მაძიებელმა რეგისტრაცია უკვე გაიარა

საჯარო სექტორში დასაქმებისთვის ასობით სამუშაოს მაძიებლებმა რეგისტრაცია უკვე გაიარა. ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსიები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს ეკუთვნის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მომსახურების სააგენტო, სასაზღვრო პოლიცია - მოქალაქეებს კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის ყველა დანაყოფში ეძლევათ, რისთვისაც აუცილებელი პირობა სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების წარმატებით გავლაა.

თავდაცვა, უსაფრთხოება, ლოგისტიკა, სტატისტიკა - ეს იმ მიმართულებების ნაწილია, სადაც ახალი კადრების მიღება იგეგმება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ჯამში 400-ზე მეტი სტაჟირების ადგილი გამოცხადდა. პროგრამა გასულ წელსაც მუშაობდა და არაერთი ახალგაზრდა უკვე დასაქმდა.

სტაჟირების გავლის მსურველებს რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ. მთავარი მოთხოვნაა სახელმწიფო ენის ცოდნა. აპლიკანტების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აკადემიურ მოსწრებას. დეტალური ინფორმაცია სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზეა ხელმისაწვდომი. მარიამ ბიბილაშვილი ერთ-ერთია, ვინც ყველა პირობა გასულ წელს წარმატებით დააკმაყოფილა და ახლა უკვე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელია.

პროგრამა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ამოქმედდა. მთავარი მიზანი კი მოქალაქეებისთვის გამოცდილების მიღება და საჯარო სექტორში ახალი კადრების დამატებაა. ფინანსები, დიზაინი, ექსპერტიზა, ტურიზმი - ასევე, იმ მიმართულებების ნაწილია, რაზეც 3 000-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული.

 

ავტორი: ირაკლი კოშაძე 

დღის ამბები