საქალაქო სასამართლოში "სამართლიანი არჩევნების" ყოფილი ხელმძღვანელის გამოკითხვა მიმდინარეობს. ნინო დოლიძე, რომელმაც პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა, გამოძიების კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით პასუხობს.
საგამოძიებო უწყებაში დაბარებულია კიდევ 6 არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 7 ორგანიზაციის ანგარიშები გასულ კვირას დააყადაღეს.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, პროკურატურას კითხვები აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის გარკვეულ აქტივობებზე.
მისივე თქმით, ის, როგორც "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი, ვალდებული იყო, დაცვა თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც აქციების დროს ველზე მუშაობდნენ.
"რამდენიმე დღის წინ დააყადაღეს სამოქალაქო ორგანიზაციები და ერთ-ერთი მათგანი არის "სამართლიანი არჩევნები", რომლის ხელმძღვანელიც გახლდით მე, ოთხი წლის განმავლობაში.
დაყადაღების მიზეზი იყო სხვადასხვა საქმიანობა. როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით ვარ დაბარებული. მე ვიყავი ხელმძღვანელი და განვსაზღვრავდი მიზნობრიობას. ვალდებული ვიყავი დამეცვა ჩემი თანამშრომლები, რომლებიც იყვნენ ველზე, რომ მათ ჯანმრთელობის დაზიანება არ მიეღოთ", - განაცხადა ნინო დოლიძემ.
ცნობისთვის, საქმის პროკურორი აცხადებს, რომ ორგანიზაციების ფინანსები ხმარდებოდა ისეთი საშუალებების შეძენას, როგორიც არის წიწაკის სპრეი, ჩაფხუტები, სახის დამცავი სათვალეები, ნიღბები და ა.შ.
გარდა ამისა, პროკურორი აცხადებს, რომ "აღნიშნული ფონდები ჩართულები იყვნენ სამართალდარღვევის წახალისებაში, რაც გამოიხატებოდა სამართალდამრღვევი პირების ჯარიმების გადახდაში".