პოლიციის ცნობით, ნიგერიის ჩრდილოეთ შტატში, ნიგერში, ქალაქ კასუვან-გარბაში, ბრბომ ქალი დაწვა. მას წინასწარმეტყველ მუჰამედის მიმართ მკრეხელობაში დასდეს ბრალი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციამ დაგმო ქალის მკვლელობა და აღნიშნულ ფაქტს "ჯუნგლების სამართალი" უწოდა. პოლიციის წარმომადგენლების განმარტებით, დამნაშავეების დასაკავებლად და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად ისინი გამოძიებას აწარმოებენ.
ადგილობრივი მედია, თვითმხილველებზე დაყრდნობით, წერს, რომ მამაკაცმა გამყიდველს, ხუმრობით, ცოლობა სთხოვა და მისი პასუხი ზოგიერთმა ადგილობრივმა მკრეხელობად აღიქვა.
"სამწუხაროდ, ამან გამოიწვია ბრბოს თავდასხმა და [მას] უსაფრთხოების ძალების მოსვლამდე ცეცხლი წაუკიდეს", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა ვასიუ აბიოდუნმა.