22 აგვისტო 2026,   16:32
ვრცლად
ფოთი საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადება - მალთაყვას ბაზა წყალ-სათხილამურო სპორტში შეჯიბრებას უმასპინძლებს

ძალა, სისწრაფე, ტექნიკა და წონასწორობა - სულ მალე, ფოთის მახლობლად მდებარე ტბაზე, გამოცდილი სპორტსმენები საკუთარ შესაძლებლობებს წარმოაჩენენ. სამი კონტინენტის 40-მდე პროფესიონალი "ოქროს ტბაზე" გამბედაობისა და შეუპოვრობის მაგალითს აჩვენებენ.

ადგილობრივი და უცხოელი ჩემპიონების ქართული თავგადასავალი 6 სექტემბერს დაიწყება. "პრო ტური ფოთი 20-25-ის" ტურნირზე, სპორტსმენები საკუთარ უნარებს ორ დისციპლინაში ხტომასა და სლალომში გამოცდიან. გაიმარჯვებს ის ვინც სპეციალური ტრამპლინიდან ყველაზე შორ მანძილზე გადაფრინდება. სლალომში კი მთავარი გამოწვევა წყალში ბარიერების გადალახვაა. ღონისძიების ორგანიზატორები შეჯიბრის მონაწილეებს და სტუმრებს სიურპრიზებს ჰპირდებიან.

ფოთის ტბაზე სამზადისი დასასრულს უახლოვდება. ეწყობა საერთაშორისო სტანდარტების პოტონი, რომელიც სპორტსმენებისთვის სასტარტო წერტილი იქნება. უკვე ფუნქციონირებს მოდულებისგან აწყობილი ბაზაც, სადაც ოთხი გუნდის განთავსებაა შესაძლებელი. გათვალისწინებულია უსაფრთხოების ზომები.

ეს რიგითი შეჯიბრი არ იქნება - საქართველო წყალსათხილამურო სპორტის მიმართულებით ახალ ისტორიას იწყებს. ტურნირის წარმატებით ჩატარება ქვეყანას, 34 წლის შემდეგ გაუხსნის შესაძლებლობას - კიდევ ერთხელ უმასპინძლოს ევროპის ჩემპიონატს. არქივში შემონახული კადრები, ფოთში 1991 წელს გამართულ საერთაშორისო შეჯიბრს ასახავს.

სპორტის ამ სახეობას საქართველოში თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ოქროს ტბაზე სპეციალურ ბაზას 1978 წელს ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ წყალსათხილამურო სპორტი ზოგისთვის ჰობად იქცა, ზოგისთვის კი პროფესიულ გზად და წარმატებასაც მიაღწია. ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი გენადი გურალია, რომელიც 2008 წელს ევროპის საუკეთესო წყალ მოთხილამურედ დასახელდა, საკუთარ ქვეყანას ახლა უკვე როგორც მონაწილე დაუბრუნდება.

ფოთის კლიმატი და გარემო სპორტსმენებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთადერთი ადგილია, სადაც 9 თვის განმავლობაში შესაძლებელია ამ სპორტით დაკავება. ეს ხელს შეუწყობს ქალაქის პოპულარიზაციას, სპორტული ტურიზმის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

შავი ზღვის სანაპიროზე, ორდღიანი შეჯიბრი საერთაშორისო წყალ სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარდება. ორგანიზაცია მსოფლიოს გარშემო 90-მდე ქვეყანას აერთიანებს. ფოთი მსოფლიო სპორტულ რუკაზე კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება.

დღის ამბები