შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების ყადაღების საკითხზე, ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები გრძელდება. "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება, ხელისუფლების მხრიდან "კიდევ ერთი რეპრესიული ღონისძიებაა."
"[ეს არის] არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით მიღებული კიდევ ერთი რეპრესიული ღონისძიება. არასოდეს არ ყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ძალადობა, ამაზე ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ. მისაღები არის ნებისმიერი თანხების დახარჯვა, როდესაც საუბარი არის სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებზე, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე. რა თქმა უნდა, არის მისაღები და საჭირო კიდეც. თურმე ეს ხალხი, რომელიც ასეთი ძალადობისგან თავს იცავდა, ისინი ყოფილან მოძალადეები", - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.
"გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თამარ კეკენაძის შეფასებით კი, არასამთავრობო ორგანიზაციების თანხების დაყადაღების მთავარი ამოცანა არის ხელოვნურად აჟიოტაჟის შექმნა და არჩევნების წინ პოლიტიკური სიტუაციის ხელოვნური გამწვავება.
ცნობისთვის, მეორე დღეა შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დაყადაღებულია. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გუშინ დააკმაყოფილა. საფუძველი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა გახდა, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით ხდებოდა, ასევე, მოწოდებები დაუმორჩილებლობისკენ.
NGO-ები, რომლებიც ფინანსურ ტრანზაქციებს ვეღარ ახორციელებენ უსაფუძვლო ბრალდებებზე საუბრობენ, თუმცა ISFED-ის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ დონორების ფულით საკუთარი თანამშრომლებისთვის აირწინაღები იყიდა. განცხადება გაავრცელეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.