17 აგვისტო 2026,   23:47
ვრცლად
ალექსი ახვლედიანმა, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე დუმილი დაარღვია და მომხდართან დაკავშირებით პირველად ისაუბრა

ალექსი ახვლედიანმა დღეს კამერებთან საგარეჯოში მომხდართან დაკავშირებით, პირველად ისაუბრა. სახლი, სადაც თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, სწორედ ახვლედიანის საკუთრებაშია. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა დღეს 7 ივლისს განვითარებული მოვლენები დეტალურად გაიხსენა. ყოფილი მაღალჩინოსანი ჰყვება, რომ იმ დღეს მასთან სახლში, სადაც რიჟვაძე ადრეც ხშირი სტუმარი იყო, ის ორ ადგილობრივ მეგობართან, თორნიკე რიჟვაძესთან, მის მამასთან და სიძესთან ერთად იმყოფებოდა. ვახშამი კი, ტრადიციულად, მეგობრულ გარემოში გაიმართა.

ყოფილმა მაღალჩინოსანმა გაიხსენა ისიც, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურს თანამდებობიდან წასვლა ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი. ახვლედიანის თქმით, რიჟვაძეს დიპლომატიურ სამსახურში გადასვლა სურდა. ამის შესახებ საქმის კურსში ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც იყო.

გავრცელებულ ინფორმაციას სავარაუდო ზეწოლაზე რიჟვაძის საქმის მთავარი მოწმე აბსურდულს უწოდებს. ახვლედიანის თქმით, გასროლამდე ერთი კვირით ადრე აჭარის ავტონომიის ყოფილი მეთაური მიუნხენში მასთან და ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. თავისუფლად გადაადგილდებოდა და არანაირი შეხება სამართალდამცავ უწყებებთან არ ჰქონია. რიჟვაძის ახლო მეგობარი ამტკიცებს, რომ ის ყველაზე სენსიტიურად და მძიმედ სოციალურ ქსელებში მის მიმართ გამოთქმულ მოსაზრებებს აღიქვამდა.

კიდევ ერთი დეტალი, რომელზეც დღეს ალექსი ახვლედიანმა ისაუბრა, ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა - თითქოს საგარეჯოში მამუკა მდინარაძეც იმყოფებოდა. ახვლედიანის თქმით, ეს სრული სიცრუეა და მეტიც ის განმარტავს, რომ მდინარაძესთან ურთიერთობაც არ ჰქონია.

ალექსი ახვლედიანის სასამართლო პროცესი დღეს 40 წუთს გაგრძელდა. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ რიჟვაძე ახვლედიანის იარაღს დაუგეგმავი დაუდევრობის გამო დაეუფლა. ადვოკატის და პროკურორის თქმით, კალიგრაფიულმა ექსპერტიზამ რიჟვაძის პიჯაკში აღმოჩენილ წერილში მისი ხელწერა დაადასტურა. დაცვის მხარე საქმის შეწყვეტას ითხოვს, პროკურატურა კი არსებითი განხილვის პროცესის პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებების გაგრძელებას აანონსებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა თავმჯდომარემ სავარაუდოდ თვითმკვლელობა საგარეჯოში 7 ივლისს სცადა. ამჟამად თორნიკე რიჟვაძე მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს თურქეთში გადის.

დღის ამბები