18 აგვისტო 2026,   00:03
ვრცლად
ლევან მახაშვილი მამუკა მდინარაძის სუს-ის ხელმძღვანელად წარდგენაზე: არ არსებობს გამოწვევა, რასაც იგი გამართულად, ეფექტიანად, წარმატებით არ უპასუხებს

"არ არსებობს გამოწვევა, რასაც იგი გამართულად, ეფექტიანად, წარმატებით არ უპასუხებს და ამიტომ დარწმუნებული ვარ და მშვიდად ვარ იმიტომ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება გამოცდილი პროფესიონალის ხელში", - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილის სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის წარდგენას.

მისივე თქმით, პარლამენტი ფუნქციონირებას 2 სექტემბერს დაიწყებს და სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურის განხილვის საკითხი უახლოეს დღის წესრიგში ჩაჯდება.

"2 სექტემბერს უწყება პარლამენტის ფუნქციონირება და რამდენადაც შესაძლებელია, უახლოეს დღის წესრიგში იქნება ეს საკითხი", - აცხადებს ლევან მახაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა. მამუკა მდინარაძეს საგამოძიებო უწყებებში და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებაა აქვს.

პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე, მამუკა მდინარაძის არჩევა იქნება. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონისა და რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტი სუს-ის ხელმძღვანელს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს.

დღის ამბები