ბულინგი და შეურაცხყოფა თანაგრძნობის პასუხად - საპარლამენტო უმრავლესობაში ლევან გაჩეჩილაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარები შეაფასეს. ცნობისთვის, 61 წლის ასაკში ბიზნესმენი და პოლიტიკოსი გუშინ გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით არაერთმა პოლიტიკოსმა და ხელისუფლების წარმომადგენელმა გამოაქვეყნა სამძიმრის წერილი, თუმცა, სოციალურ ქსელში დისკუსიის საგანი გახდა შეურაცხმყოფელი კომენტარები და განცხადებები.
"მერამდენედ დასტურდება, რომ საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები, იქნებიან ეს ე.წ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები თუ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრები, არიან სრულად დაცლილნი ყოველგვარი მორალისგან. არანაირი მორალური ღირებულება არ გააჩნიათ, არ გააჩნიათ მგრძნობელობა ისეთ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორიც არის ადამიანის გარდაცვალება.
გარდაცვლილი ადამიანის მიმართ მათ შეუძლიათ ყველაფრის კადრება, ხოლო იმ ადამიანების სამძიმარი, რომლებმაც ჩვეულებრივად, ადამიანურად, ისე, როგორც ეს ქართულ საზოგადოებაში და საერთოდ, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაშია მიღებული, მიუსამძიმრეს გარდაცვლილის ოჯახს, გამოიყენეს ბულინგისა და შეურაცხყოფის ინსტრუმენტად. კარგად აჩვენებენ საკუთარ სახეს მთელი ქვეყნის დასანახად და კიდევ ერთხელ რწმუნდება ამ ყველაფრის ფონზე საზოგადოება, რომ რადიკალები, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" და ის ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ ნეგატიურ და რადიკალურ ძალებს, არცერთ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდნენ", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.