22 აგვისტო 2026,   21:39
ვრცლად
დოღი ბახმაროში - თითქმის საუკუნეა, ყოველი წლის 19 აგვისტოს გურულები და მათი სტუმრები გურიის მთის კურორტზე იკრიბებიან

თითქმის საუკუნეა, ყოველი წლის 19 აგვისტოს გურულები და მათი სტუმრები გურიის მთის კურორტ ბახმაროში დოღზე იკრიბებიან. ცხენი ამ საუკუნოვანი სანახაობის განუყოფელი ნაწილია. ამ დღეს ბახმაროში დიდიც და პატარაც ცხენზე ამხედრებული გადაადგილდება.

დოღში მონაწილეობისთვის ბახმაროში საუკეთესო მხედრები საქართველოს სხვა კუთხეებიდან ჩავიდნენ. ათობით მხედარს შორის საუკეთესოები დოღის დასრულების შემდეგ გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ კიდეც.

ამ მხარეში ძალიან უყვართ ცხენები და ეს ამბავიც მთელ მსოფლიოში კარგად იციან. გურული მხედრების თავზეხელაღებული ჯირითი ტრადიციად და სპორტულ სანახაობად იქცა.

ბახმაროში მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა საბავშვო გასართობი აქტივობები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა.

დოღს პრემიერ მინისტრი, პრეზიდენტი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ბახმაროში დღესასწაულზე შეკრებილებს ირაკლი კობახიძემ სიტყვით მიმართა.

სრულიად საქართველოს ფერისცვალების დღესასწაული ბახმაროდან მიულოცა პრეზიდენტმა. მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა მშვიდობის ფასზე, რომელიც გურიაში კარგად იციან და მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასაც.

სანამ გურულებს მიმართავდა, საქართველოს პრეზიდენტი ბახმაროში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვას შვილებთან ერთად დაესწრო. საზეიმო მსახურება შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აღავლინა.

ბახმაროში დოღის ტრადიციას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ სპორტული შეჯიბრი ყოველწლიურად 19 აგვისტოს იმართება.

დღის ამბები