ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული "კარგი მთავრობის 2025 წლის" ანგარიში ისევ პოლიტიკური შეფასებების საგანია. "ქართულ ოცნებაში" ევროკავშირის ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ. მმართველი გუნდის არგუმენტი ამ კონტექსტში არის ის, რომ ოფიციალურ განცხადებებში საუბარია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, თუმცა გამოქვეყნებული ანგარიშები წინსვლას აჩვენებს.
"ეს ყველაფერი რაც ხდება, არის ურთიერთსაწინააღმდეგო. მაშინ, როდესაც კარგი მთავრობის ინდექსით, უშუალოდ ევროკომისიის ჩატარებული კვლევაა, იქ გამოკვეთილია რამდენიმე მიმართულება, რაშიც საქართველო ლიდერობს. ეს არის კანონის უზენაესობა, ეს არის ეფექტური მთავრობა, იქ არის საუბარი, რამდენად მიმზიდველია ბიზნესისთვის და ინვესტიციებისთვის საქართველო და ა.შ. ამ ყველა კრიტერიუმით, რითიც ჩვენ ევროკომისიამ შეგვაფასა, საქართველო არის ევროპის ოცეულში, უსწრებს აბსოლუტურად ყველა კანდიდატ წევრ ქვეყანას და ასევე უსწრებს ძალიან ბევრ ნატოსა და ევროკავშირის მოქმედ წევრ ქვეყნებს. როდესაც ისინი ჩვენ უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებენ, რაც აბსოლუტურად საწინააღმდეგოა ამ ანგარიშის, რაც თავადვე წარმოადგინეს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს კრიტიკა არის დაფუძნებული მხოლოდ რაღაც აღქმებზე, რაც უნდათ, რომ შექმნან," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი.