თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აქციაზე დაკავებულ დავით ხომერიკთან დაკავშირებით, რომელიც აფეთქების მომზადების ბრალდებით არის დაკავებული და 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პასუხისმგებლობას ბრიუსელს აკისრებს და დანაშაულის წახალისებაში სდებს ბრალს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე შეფასებებს აკეთებენ ოპონენტები - "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით რაიმე სახის შენიშვნას მმართველი გუნდისგან არ მიიღებენ.
"მე ეჭვი მეპარება, რომ ევროკავშირი ამას აფინანსებდა. ეს შეიძლება შალვა პაპუაშვილმა უკეთ იცის იმიტომ, რომ წლების GIZ-ის გრანტზე ცხოვრობდა ეს კაცი. მათგან რაიმე სახის შენიშვნას ევროკავშირზე ან იმ ადამიანებზე, რომლებიც ახლა ციხეში უკანონოდ ჰყავთ გამომწყვდეული, ნამდვილად ვერ მივიღებთ“, - აცხადებს პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძე.
გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის მხრიდან არ მომხდარა და არ მოხდება იმ პროცესების დაფინანსება, რომლებიც ქვეყნის ინტერესების ღალატს ემსახურება.
"პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირის მხრიდან არ მომხდარა და არ მოხდება იმ ტიპის პროცესების დაფინანსება, რომლებიც ემსახურება ქვეყნის ინტერესების ღალატს. არ არსებობს შემთხვევა, როდესაც ევროკავშირს ვინმესთვის მოეწოდებინოს ან წაეხალისებინოს ძალადობრივი ქმედება. ამ დახმარების მთავარი მიზანი არის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა“, - აცხადებს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი თამარ კეკენაძე.