ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისა და გამჭვირვალობის კანონებთან დაკავშირებით სპეკულაციების დასრულების გზად, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრებს პლებისციტის ჩატარება მიაჩნიათ. საზოგადოებრივ მოძრაობაში ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, საზოგადოებამ ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს.
ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, 4 ოქტომბრის არჩევნებზე, მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა, გამოთქვან მოსაზრება - არიან
თუ არა მომხრეები, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ, მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.
პლებისციტის ჩატარება რომ დღეს არსებულ შიდა თუ საგარეო პოლიტიკურ სურათს არ შეცვლის, საუბრობენ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ ”ხალხის ძალაში”. ამბობენ, რომ ქართველმა ხალმა პოზიცია მაშინაც დააფიქსირა, როდესაც საპარლამენტო არჩევნების დროს გადაწყვეტილება, მმართველი გუნდის სასარგებლოდ მიიღო.
უნდა გაუქმდეს თუ არა ოჯახური ღირებულებების დაცვისა და გამჭვირვალობის კანონები - კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები არ აქვთ ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტები აქცენტს, ბრიუსელის დავალებებზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ეს კონკრეტული კანონები დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში, მათ ინტერესსა და დღის წესრიგს არ წარმოადგენს.
ბრიუსელის მოთხოვნებს, პოლიტიკური შანტაჟის იარაღად აფასებს "ქართული ოცნება". მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გაუგებარია, რა კავშირი აქვს ოჯახური ღირებულებებისა თუ გამჭვირვალობის კანონებს, ვიზალიბერალიზაციისა და ევროინტეგრაციის საკითხებთან. უმრავლესობის წევრების განცხადებით, ხელისუფლების ევროპული კურსი უცვლელია, ამ ფონზე კი ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობას აზიანებს.
კანონებთან დაკავშირებით ბრიუსელის მოთხოვნისა და პოლიტიკური პარტიების განსხვავებული პოზიციების ფონზე, საზოგადოებრივი მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს პლებისციტი 4 ოქტომბერს, არჩევნებთან ერთად ჩაატაროს.