მეორე დღეა პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემაა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ინიციატივა. საზოგადოებრივი მოძრაობა მოუწოდებს ხელისუფლებას, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, ჩაატაროს პლებისციტი და გაიგოს რეალურად რა არის ხალხის დაკვეთა.
"ჩატარდეს პლებისციტი, რომელშიც ქართველი ხალხის წინაშე დავსვამთ მარტივ კითხვას - ხართ თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ, მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება."- ნათქვამია "ნეიტრალური საქართველოს" განცხადებაში.
ოპოზიციის ნაწილი იზიარებს ბრიუსელის პირობას და აცხადებს, რომ კანონების შინაარსი ფუნდამენტურ აცდენაშია ევროპულ კავშირთან.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ამ პროპაგანდისტულ ნარატივში "ქართულ ოცნებას" არ შეჰყვებიან.
"ჩვენ არ შევყვებით ამ პროპაგანდისტულ ნარატივში "ქართულ ოცნებას" და ვისაუბრებთ ხალხის რეალურ საჭიროებებზე", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
გიორგი გახარიას პარტიის წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, ის, რომ ევროკავშირი საქართველოსგან ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმებას ითხოვს, სიმართლეს არ შეესაბამება.
"გამჭვირვალობა, რა თქმა უნდა, არის ევროპული ღირებულება, ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი ნაწილი, მაგრამ ისეთ ქვეყნებში, სადაც არსებობს თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო. ჩვენი გზა და ჩვენი არჩევანი ყოველთვის იქნება ოჯახური ღირებულებების პატივისცემა, მაგრამ ამავე დროს, ადამიანების უფლებების პატივისცემა. ის, რომ ევროკავშირი საქართველოსგან თითქოს ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმებას ითხოვს, ეს რა თქმა უნდა, არ არის სიმართლე", - განაცხადა შარაშიძემ.