21 ივნისი 2026,   12:09
ვრცლად
ჩამოშლილი კერძო სახლები და კორპუსები - თურქეთში მომხდარ მასშტაბურ მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ათეულობით დაშავდა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში, სინდირგის რაიონში გადაღებულ კადრებში მასშტაბური მიწისძვრის შემდეგ ჩამოშლილი კორპუსი ჩანს - ნანგრევებიდან მაშველებმა ოთხი ადამიანის გამოყვანა შეძლეს. საგანგებო სიტუაციების მართვის ბრიგადები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

რეგიონში მომხდარ მიწისძვრას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველებმა შენობის ნანგრევებიდან ხანდაზმული ქალი ცოცხალი გამოიყვანეს, თუმცა, მიღებული მძიმე დაზიანებების გამო, საავადმყოფოში ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ათობით მოქალაქემ.

ბალიქესირის პროვინციაში, 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა მოჰყვა. ჩამოშლილია 16 შენობა ნაგებობა, მათ შორის - კერძო საცხოვრებელი სახლები და კორპუსები. მიწისძვრის შედეგებთან საბრძოლველად, რეგიონში გადასროლილია 1 100 მაშველი, 11 მეძებარი ძაღლი და 214 ერთეული სპეციალური ტექნიკა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ბალიქესირის პროვინციაში დაფიქსირდა. ადგილობრივი მედია წერს, რომ მძლავრი ბიძგები თურქეთის რამდენიმე პროვინციაში იგრძნობოდა, რის გამოც, სტამბოლსა და იზმირში მოსახლეობის ნაწილმა საცხოვრებელი სახლები დატოვა და ღამე ქუჩაში, სპორტულ მოედნებზე გაატარა.

დღის ამბები