S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონეზე სტაბილური პერსპექტივით შეინარჩუნა. მათ შეფასებაში აღნიშნულია, რომ მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო გონივრულია რამაც ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას შეუწყო ხელი - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ გავლენიანი სარეიტინგო კომპანიის S&P-ის ანგარიშის შეფასებისას.
მიქაბაძემ ყურადღება გაამახვილა S&P Global-ის ანგარიშში ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკის ნაწილზე. დოკუმენტის მიხედვით, სტრატეგიული ნეტო შესყიდვების შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები ბოლო თვეებში გაიზარდა, რაც ძლიერი ტურისტული შემოსავლებითა და ფინანსური შემოდინებების შენარჩუნებითაა განპირობებული.
სარეიტინგო კომპანია თავის მიმოხილვაში საქართველოს საბანკო სექტორსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ საბანკო სისტემა კაპიტალიზაციის მაღალი დონითა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით კვლავ მომგებიანი რჩება.
„საზედამხედველო პოლიტიკა, გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი და კორპორაციული მმართველობა ხელს უწყობს ძლიერ საბანკო რეგულირებას, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან,“ - აღნიშნა სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.
S&P Global-ის პროგნოზით, ინფლაცია 2025 წელს საშუალოდ 3.7% იქნება. ამავდროულად, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე S&P Global-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.1%-მდე გაზარდა.